ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
მისივე თქმით, პარტიის სამდივნოში პოლიტიკური მდივნის ადგილს სავარაუდოდ დაიკავებს ირაკლი კობახიძე.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა და დამტკიცდება ცვლილებები.
„რაც შეეხება პრემიერის თანამდებობას, გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, განიხილება მისი კანდიდატურა, ამას დაგიდასტურებთ. ბატონმა ირაკლიმაც შეგნებულად არ ახსენა ირაკლი კობახიძის გვარი, ეს ფორმალობა რეალურ ასპექტში დასაცავია. ეს არის წესი, რომლის მიხედვითაც, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ჩვენი პარტიის წესდების მიხედვით წარუდგენს პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად და ამის შემდეგ ხდება კანდიდატი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.