“მამუკა ხაზარაძის სარჩელით ფიქსირდება, რომ ირაკლი კობახიძე არის მატყუარა და ცილისმწამებელი” – სალომე სამადაშვილი

129
spot_img

ხაზარაძის სარჩელით ფიქსირდება, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არის მატყუარა და ცილისმწამებელი, – ასე ეხმიანება “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც უკავშირდება მის განცხადებას, რომ “ხაზარაძე ბიზნესს არეკეტებდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.”

სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ უპასუხოდ არ დატოვოს ცრუ ბრალდებები.

“რას გადაწყვეტს სასამართლო, რომელზეც ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, ეს გამოჩნდება საქმის მიმდინარეობისას, მაგრამ მნიშვნელოვანია, უპასუხოდ არ დავტოვოთ ცრუ ბრალდებები, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს ოპოზიციის წინააღმდეგ და ამიტომ გადაწყდა ამ სარჩელის შეტანა.

კობახიძე, ხელისუფლება და მისი მასმედია დაკავებული არიან რუსული პროპაგანდის სტილში ოპონენტების გაშავებით და ქართველი ხალხის მოტყუებით, ამიტომ არ გვიკვირს, რომ ცრუ ბრალდებების სამიზნე არაერთხელ ყოფილა “ლელო” და ოპოზიციის სხვა ლიდერები, მათ შორის, იცით, რომ მე ვამხილე ტყუილში წულუკიანი, რომელმაც პარლამენტში დამაბრალა საელჩოში ნახატის დაკარგვა. ეს არის რუსული ოცნების სტილი და მოქმედებენ ისე, როგორც მოქმედებს ვლადიმერ პუტინი თავის ოპონენტების წინააღმდეგ. ვიდრე გვაქვს ჯერ კიდევ შესაძლებლობა, უნდა ვიბრძოლოთ მათ შორის სასამართლოში, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ,”- განაცხადა სამადაშვილმა.