მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წამმზომი ჩაურთეს, ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, წულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს-ალეკო ელისაშვილი

75
spot_img

წულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს, მით უმეტეს ჩვენი კოალიციის ლიდერები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში დაბარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისია „ძლიერი საქართველოს“ შესაშინებლად და რეპრესიების იარაღად ჭირდება.

„პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგრები არ არიან? არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, ვინმეს ეშინია მაგათი? ამათ ვუგოროთ კოჭი და იმ სამარცხვინო რაღაცაში მივიღოთ მონაწილეობა? ჯერ ერთი, ეს კომისია ამას ვერ გამოიძიებს, ეს არის სარეკომენდაციო სტრუქტურა, რომელიც დაწერს დასკვნას და გადაუგზავნის ან არ გადაუგზავნის პროკურატურას. პროკურატურაში დასკვნის გაგზავნა რად გინდა, ცოცხალი ადამიანები არიან და დადიან, იძახიან ეს და ეს მოხდა და არაფერს არ იძიებენ უმაქნისები. რამის გამოძიება თუ უნდოდათ, გამოიძიებდნენ.

დღეს ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ შეგვაშინონ და რეპრესიების იარაღად გამოიყენონ. ხედავენ, რომ თავი არ დავუხარეთ, არ დავუჩოქეთ, ჩვენი კოალიცია მაგრად და პრინციპულად დგას, აღარ იციან რა ქნან, რით შეგვაშინონ. მე ცალკე პროცესი მაქვს პირველ აპრილს და ბადრის და მამუკას წამმზომი ჩაურთეს. მაგის ფეხის ბაკუნზე რომ არავინ აპირებს სიარულს, მაგის ჩვენება მინდოდა, მაგათი რაღაცების რომ არ გვეშინია მაგის ჩვენება გვინდოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი კოალიციის ლიდერები საგამოძიებო კომისიაზე მივიდოდნენ, ამით კომისიისა და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება მოხდებოდა.

„საგამოძიებო კომისიაზე მისვლით, ამათი აღიარება მოხდებოდა, ამ შაპიტოს ლეგიტიმაცია მოხდებოდა, კომისიის და პარლამენტის. მეორე, იქ შეურაცხყოფის მეტი არაფერი არ იქნებოდა, ვინ მოგცემდა ნორმალური დებატების საშუალებას. ბოლოს პარლამენტში დებატები იყო ან სიტყვა-პასუხი იყო? მიკროფონს ჩართავდი და შეურაცხყოფებს გაყენებდნენ. არ უკრავდნენ პირს ოპოზიციას ბოლო პერიოდში? მიკროფონს გამოგირთავენ, იმ ოთახში კი გააგონებ ხალხს, მაგრამ ეთერში ვერ გააგონებ“, – განახადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა. კომისიის გადაწყვეტილებით, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება.