მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 კვირის განმავლობაში გადადგამს

1
spot_img

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ის სამი ნაბიჯი დაასახელა, რასაც „ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 კვირის განმავლობაში გადადგამს.

ხაზარაძემ პირველი სამი კვირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაბიჯად „რუსული კანონის“ გაუქმება დაასახელა.

„პირველი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ გავაუქმებთ „რუსულ კანონს“, რათა დავასრულოთ რუსული რეპრესიები ჩვენს ხალხზე და ხელახლა გავხსნათ გზა ევროკავშირის წევრობისა და ევროპული მომავლისკენ“, – აღნიშნა მან.

ხაზარაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება იმუშავებს პარლამენტთან ერთად, რომ დაჩქარებული წესით გაუქმდეს „რუსული კანონი“.

მისივე განმარტებით, „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება ამ პერიოდის განმავლობაში ასევე დაიწყებს 9 – პუნქტიანი გეგმის განხორციელებას იმისათვის, რომ შესრულდეს ევროკომისიის მოთხოვნები.

ასევე პირველი სამი კვირის განმავლობაში „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება უზრუნველყოფს ბიუჯეტს, რომელიც უზრუნველყოფს პენსიის 1 000 ლარამდე ზრდას.

„თუ „ძლიერ საქართველოს“ ექნება მომავალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა, აქ გათვალისწინებული იქნება კოალიციური შეთანხმების ელემენტი, რომ ყველა კოალიციური პარტნიორი მხარს დაუჭერს ბიუჯეტის პარამეტრების შეცვლას, რათა პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდა შესაძლებელი იყოს.

პირველი სამი კვირის განმავლობაში ჩვენ ხელახლა გამოვიტანთ საპარლამენტო კენჭისყრაზე ანაკლიის პორტის ტენდერის საკითხს და ავკრძალავთ დასავლეთის მიერ სანქცირებულ ყველა კომპანიას, მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას, რომელსაც აქვს უზარმაზარი სანქციები სხვადასხვა დროს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამასთან, მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს“ ხელისუფლება იმუშავებს პარლამენტთან ერთად, რომ გამოიყენოს დაჩქარებული ზომები კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად, რათა ხელახლა გამოცხადდეს ანაკლიის პროექტის ტენდერი.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, აგრეთვე, ეროვნულ სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ დასავლელი პარტნიორების მიერ სანქცირებული კომპანიები – კორუფციის, გარემოს დაზიანების, დასაქმებულთა უფლებების დარღვევის თუ სხვა მსგავსი დარღვევების გამო.