“მამასავით მისანდობელი, სულისმიერი ადამიანია. გულში ჩაკონება იცის სხვანაირად…” – ეთერ თათარაიძე უწმინდესზე

19
spot_img

4 იანვარი ჩვენი სულიერი მამის, საქართველოს პატრიარქის დაბადების დღეა. ის 92 წლის გახდა.

ფოლკლორისტი და პოეტი ეთერ თათარაიძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ჩვენს პატრიარქზე რამდენიმე ლექსი აქვს დაწერილი. იუბილარ უწმინდესზე კი თბილ სიტყვებს არ იშურებს.

ეთერ თათარაიძე: მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს ვესწრები...

არ შემიძლია ვიფიქრო, რომ მას რაიმე სტკივა. გონებაში ასეთ რამეს არ ვუშვებ…

მე მჯერა მისი ხილვების და სიზმრების. ვარ ძალიან მშვიდად და მყუდროდ ამ ქვეყნად იმიტომ, რომ ამდენი ტკივილისა და განცდის მიუხედავად, მჯერა, რომ ის გამოსავალს ყოველთვის იპოვის. მისგან იმდენ რამეს ვარ მოსწრებული, რომ ამის მჯერა.

მაქვს მისადმი მიძღვნილი საკმაო რაოდენობის ლექსები. ერთადერთხელ გავბედე და ხმამაღლა წავუკითხე ერთი ლექსი, საპატრიარქოში ღამის ლოცვაზე მისულმა. რაღაც ვიდეო ჩანაწერი ვნახე. თორემ აღარც მახსოვდა, ასე რომ “ვითავხედე…” ტაში დაუკრა. გულში ჩაკონება იცის სხვანაირად.

მართლა მამასავით მისანდობელი, სულისმიერი ადამიანია. ჩვენი ხალხის სიბრძნესთან ვათანაბრებ.

ძალიან მადლიანია. მისგან ბევრს აქვს მადლი მიღებული.

მე მინდა მის ღვაწლს სწორად ვხედავდეთ. რამდენი უნდა გამოგვასწოროს?! ერთ ადამიანს ვერ ზრდის მთელი ოჯახი და ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა ჯაფა, რამხელა სულიერი წონასწორობა, ძალისხმევა სჭირდება ქვეყნის სულიერ გამოსწორებას?!..