სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მოქალაქე ქრისტი მიქელაძე წერს, რომ 18 ივლისს მის ოჯახს თავს დაესხნენ და მამას აბესალომ მიქელაძეს თავდამსხმელი სასტიკად გაუსწორდა.
ქრისტი მიქელაძის თქმით, თავდამსხმელი მის მოკვლასაც ცდილობდა.
„მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს, შუაღამისას, როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული, სახლში შემოვიდა მეზობელი, 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანმა რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3 ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი და გაიქცა.
რა თქმა უნდა, დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს, ვინც გადაგვარჩინა და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ეს დღეები გვერდით დამიდგა. ვინც დიდი ხანია მიცნობს, იცის, 17 წლის ვიყავი, დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2 წელი ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი, ყოველდღე ვხვდებოდი, რომ ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი. დედას გარდაცვალებიდან 8 წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრავმა არ გამნელებია.
ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8 წლის შემდეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმა, როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემ თვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია, ამის გამკეთებელს არასდროს ვაპატიებ, მინდა ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს. ეს არის ჩემი ცხოვრების პირველი ადამიანი, ვინც მძულს, ვინც ერთადერთ მამას მიკლავდა. გისურვებ მთელი გულით, რომ რაც ჩვენ მოგვაყენე, იმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არ უნდა არსებობდნენ. შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს, რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია. საბედნიეროდ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქვე, მიზეზი უცნობია, რის გამო კლავდა მამას და მე როგორც მოწმეს“, – წერს სოციალურ ქსელში ქრისტი მიქელაძე.
როგორც შსს -ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 19 -109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.