მაკრონი უკრაინის მიმართ სარისკო გეგმას განიხილავს – რა მოხდება, როცა პუტინი ფრანგ კოლეგას ბლეფს მიუხვდება?

98
spot_img

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ემანუელ მაკრონი უკრაინის მიმართ სარისკო გეგმას განიხილავს. რა მოხდება, როცა ვლადიმერ პუტინი ფრანგ კოლეგას ბლეფს მიუხვდება?“ (ავტორი – ლი ჰოქსთედერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


ე.წ. „წითელი ხაზები“, რომლებიც ზღუდავენ უკრაინისადმი სამხედრო დახმარებას დასავლეთის მხრიდან, თანდათან იშლება და ამ ეტაპზე სულ უფრო მეტად ემსგავსება ფერმკრთალ ვარდისფერ პუნქტირს.


ბოლო მაგალითი – პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაცემული ნებართვა კიევისადმი ამერიკული იარაღის გამოყენებაზე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიისათვის დარტყმების მისაყენებლად, მართალია, მკაცრი პირობებით, მაგრამ მაინც. რამდენადაც დასავლეთმა გააუქმა ოდესღაც ხისტი შეზღუდვები, რომ ომის ესკალაცია არ მომხდარიყო (თვითონ უკრაინის გადასარჩენად), დღეს-დღეობით, ყველაზე მტკიცე აკრძალვად მხოლოდ დასავლეთის ჯარების განლაგება რჩება. მაგრამ ახლა ესეც საკმაოდ მყიფედ გამოიყურება, რადგან საფრანგეთი უკვე ფიქრობს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების ქვედანაყოფი გაგზავნოს. თუ საქმე მართლაც მათ გაგზავნამდე მივა, მაშინ შედეგები უფრო სერიოზული და ნაკლებ პროგნოზირებადი აღმოჩნდება, ვიდრე კიევისათვის რომელიმე სისტემის შეიარაღების გადაცემა.


პარიზის ამ ჩანაფიქრის რეალიზებისათვის ნატოს ქვეყნებში შემდგომი ნაბიჯების გადადგმის საკითხში ერთიანობა არ არსებობს. არავინ დარწმუნებული არ არის, თუ რა მოჰყვება საფრანგეთისა და მისი მიმბაძველ-მომხრეების („წვრილფეხების“ – ესტონეთისა და ლიეტუვის ჩათვლით) მოქმედებას, რომლებიც ბოლომდე გაცნობიერებული და გათვლილი არ არის.


ვაშინგტონმა, ბერლინმა და უკრაინის სხვა მსხვილმა პარტნიორებმა გამორიცხეს თავიანთი ჯარების გადასროლა ორი ძირითადი მიზეზის გამო:
პირველი – ეს იქნება ესკალაციური ნახტომი: უკრაინის დასახმარებლად გადასროლილი იქნება არამარტო სამხედრო ტექნიკა, არამედ ცოცხალი ძალაც, რაც დანაკარგებს გამოიწვევს უკვე თვითონ დასავლურ ჯარშიც;


მეორე – ეს იქნება პოლიტიკური სარგებლის დასასრული: დღემდე დასავლური მთავრობები ხომ საზოგადოებას შთააგონებენ, რომ დანაკარგებს ომში მხოლოდ უკრაინელები განიცდიან და თავიანთი ბრძოლით ევროპას რუსეთის აგრესიისაგან იცავენ.


ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ – მხარი დაეჭირა უკრაინისათვის და იმავდროულად თავიდან აეცილებინა მესამე მსოფლიო ომი – საქმე თვით შეკავებამდე მიიყვანა: გაჩნდა პრობლემები შორი მოქმედების რაკეტების, ავიაგამანადგურებლების და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, უკრაინის არმიას რომ ჩამოთვლილი შეიარაღება დროულად გადასცემოდა, ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდა და ნგრევა შემცირდებოდა. თუმცა ჯო ბაიდენის „გაუბედავმა“ და თანდათანობითმა მიდგომამ ერთი დადებითი შედეგი მაინც გამოიღო: უფრო ძლიერი დასავლური იარაღის გადაცემის კვალობაზე გამომჟღავნდა მოსკოვის ფუჭი ბირთვული მუქარები.


ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე შეზღუდული სასწავლო მისია-პროგრამები განახორციელეს. ფრანგი პრეზიდენტის ჩანაფიქრი უფრო თამამი, ხმამაღალი და შესაბამისად, უფრო სარისკო ჩანს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო ინსტრუქტორები ფრონტის ხაზიდან მოშორებით იქნებიან.


ემანუელ მაკრონის აზრით, დასავლეთმა კრემლი ისეთ დღეში უნდა ჩააგდოს, რომ მოსკოვმა ვერ გამოიცნოს მისი ჭეშმარიტი ზრახვები. მოსკოვი სულ მუდამ „მკითხაობაში“ უნდა იყოს და ზუსტად არ უნდა იცოდეს დასავლეთის მომდევნო სვლა. დადგებიან რა „სტრატეგიული ორაზროვნების“ პოზიციაზე, უკრაინის მოკავშირეები გადალახავენ თვით შეკავების ჩარჩოებს და ესკალაციის რისკების გამოთვლის ტვირთს ვლადიმერ პუტინს დააკისრებენ, – თვლის ემანუელ მაკრონი.


„ჩემთვის ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ვლადიმერ პუტინი შეგნებულად მოისურვებს პირდაპირ საბრძოლო შეტაკებას ნატოს ქვეყნებთან, თუ ისინი კონფლიქტში არ იქნებიან ჩაბმულნი“, – ამბობს ფრანსუა ეისბორი, ცნობილი ფრანგი ანალიტიკოსი, რომელიც მხარს უჭერს ემანუელ მაკრონის მიდგომას.


მაგრამ რა მოხდება, თუ ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონის ბლეფს გამოიცნობს? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგ ლიდერს თითქმის არაფერი არ გაუკეთებია ფრანგული საზოგადოების წინასწარ მოსამზადებლად, იმ შემთხვევისათვის, როცა უკრაინიდან საფრანგეთისაკენ „გრუზ-200“-ების (კუბოების) მდინარე დაიძვრება. არაფერს ვამბობთ საფრანგეთის ნატოელ მოკავშირეთა უმრავლესობაზე, რომლებიც ძველებურად კატეგორიულ უარს აცხადებენ ჯარების გადასროლაზე და რომლებიც პარიზის მიერ გადადგმული ნაბიჯის გამო, დიდი ალბათობით, მოსკოვთან პირდაპირ კონფრონტაციაზე არ წავლენ.


თუ რუსეთის არმია ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების ქვედანაყოფის დისლოცირების ადგილს იპოვის, ვლადიმერ პუტინი მათ აუცილებლად დაარტყამს – იმიტომ, რომ ამით პარიზის ნატოელ მოკავშირეებსაც ნიშნს მოუგებს და დაამცირებს პირადად ემანუელ მაკრონსაც, რომელიც ამჟამად ყველაზე ანტირუსულად განწყობილი დიდი „ქორების“ კომპანიაში აღმოჩნდა.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მე ვემხრობი ემანუელ მაკრონის გეგმას, – მეუბნება ფრანსუა ეისბორი, – შეიცავს თუ არა რისკის ელემენტს? დიახ, უეჭველად“.


საფრანგეთს მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები ჰყავს და იარაღის წარმოებით მსოფლიოს ლიდერების რიცხვში შედის.
მაგრამ გაუგებარია, რა სარგებლობას მოუტანენ ორწლიან გააფთრებულ ბრძოლებში გამოწრთობილ უკრაინელ ჯარისკაცებს ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები? ამ მომენტისათვის ეს თვითონ ფრანგებმაც კარგად არ იციან.


ამჟამად ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ემანუელ მაკრონის ხმამაღალი პროუკრაინული რიტორიკის უკან მაინცდამაინც ბევრი რეალურად გაკეთებული საქმე არ ჩანს. პარიზი ბევრად ჩამორჩება თავის ნატოელ მოკავშირეებს ყველაზე მთავარში: უკრაინას სათანადო რაოდენობით არ აწოდებს შეიარაღების სისტემებს და საბრძოლო მასალებს.


მართალია, შორს მოქმედმა ფრანგულმა რაკეტამ „სკალპმა“ (Scalp) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შავ ზღვის აკვატორიაში უკრაინისთვის რუსეთის ბლოკადის გარღვევაში, მაგრამ სამხედრო დახმარების საერთო მოცულობით ბირთვული ძლიერი საფრანგეთი ბევრად ჩამორჩება პატარა ნიდერლანდებს, დანიას და პოლონეთს, არაფერი რომ არ ვთქვათ ისეთ მსხვილ დონორებზე, როგორებიც არიან აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.


ვრცელდება ხმები, რომ სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნის თაობაზე ემანუელ მაკრონმა შეიძლება ოთხშაბათს განაცხადოს – მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმის მე-80 წლისთავზე, ჯო ბაიდენისა და სხვა დასავლელი ლიდერების კომპანიაში ყოფნისას. თუმცა იმ ცერემონიის ფონზე, რომელმაც მოკავშირეთა ერთიანობა უნდა დაადასტუროს, ფრანგი ლიდერი უთანხმოების რისკზე მიდის – იგი უკრაინაში სამხედროების გაგზავნით მხოლოდ ხაზს გაუსვამს თავის იზოლაციას, რომლითაც ძალზე მოკრძალებულ სარგებელს მიიღებს.


წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ