
თურქეთის რესპუბლიკაში ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა ძალიან ხანგრძლივი და კარგი დისკუსია ყველა იმ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, საქართველოსა და თურქეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ საქართვ ელოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზეც ისაუბრეს.
„მოველით, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ თურქეთის პრეზიდენტს და ამაზე ვიმუშავებთ მეც და ჩემი თურქი კოლეგაც. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც უნდა გვქონდეს რეგიონში. ორივე მივესალმებით სამმხრივ ფორმატში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას. ასევე, უახლოეს მომავალში შევთანხმდით, რომ გვექნება შეხვედრა სამმხრივ ფორმატში. ამას უმასპინძლებს თურქეთის მხარე და ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაძლიერება და გამყარება სწორედ ამ ფორმატში რეგიონული თანამშრომლობის ინტერესებიდან გამომდინარე. იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომ სამ ქვეყანას შორის მტკიცე თანამშრომლობამ, სტრატეგიულმა პარტნიორობამ წვლილი უნდა შეიტანოს უფრო ფართოდ რეგიონის საკეთილდღეოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგოროც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, თურქეთი ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე.
„ის ძალიან აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც გლობალურად ასევე მნიშვნელოვანია, იქნება ეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სირიის საკითხები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას ჩვენს რეგიონზე და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თურქულ მხარესთან დიალოგი, თურქეთთან მუდმივი კომუნიკაცია და, ჩვენი ინტერესების შესაბამისად, სხვა პარტნიორებთან ურთიერთობები. კმაყოფილი ვარ, რომ თურქი კოლეგის მხრიდან არის ასევე გახსნილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ურთიერთობა იყოს ბევრად უფრო მყარი, უფრო ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალებით, უფრო კარგად მოვახდინოთ რეგიონში საქართველოსა და თურქეთის ინტერესების პოზიციონირება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი ასევე აცხადებს, რომ საინტერესო შეხვედრა ჰქონდა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან.
„უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. ესეც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის უმაღლეს დონეზე წარმართვის და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.