“მადლობა ბრძენ და მშრომელ ქართველ ხალხს, თქვენთვის და თქვენი სახელით მუხლჩაუხრელად და ამაყად გავაგრძელებთ ქვეყნის სანუკვარი მომავლის შენებას”

34
spot_img

მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ. ვიარეთ რწმენით, ღრმა შეგნებით, რომ ქართველები, როგორც ქრისტეს კვართის მცველები, რუსთაველისა და ილიას მშობელი ერი აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

პაპუაშვილის განცხადებით, მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც საქართველოს მოუპოვებია დღევანდელი დღე ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ გზაზე საქართველოს მეგობრობის ხელი გამოუწოდა.

„იშვიათი და უდიდესი პატივია ამ ისტორიულ დღეს მოგმართოთ ქართველ ხალხს. გილოცავ საქართველო! მდიდარო, მრავალ საუკუნოვანი ისტორიით და კულტურით, თავდადებული მამულიშვილებით, გმირებით და ბრძენი კაცებით. მებრძოლო თავისუფლებისა და რწმენისთვის. შეუპოვარო, დაუდგრომელო და ღირსეულო. გილოცავ დღევანდელ დღეს!

მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენ სამშობლოს მოუპოვებია დღევანდელი დღე ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე. ეს თითოეულმა ქართველმა ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის, არც უბრალოდ გეოგრაფია და, არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა. ეს არის მსოფლმხედველობა, სულიერობა და ბუნებრივი მდგომარეობა, რაც განფენილია ქართველი კაცის ლექსში, სიმღერასა და ცეკვაში, სადღეგრძელოში, ადამიანის სიყვარულსა და მიმტევებლობაში.

მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ. ვიარეთ რწმენით, ღრმა შეგნებით, რომ ქართველები, როგორც ქრისტეს კვართის მცველები, რუსთაველისა და ილიას მშობელი ერი აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში. მადლობა ყველას, ვინც იღვაწა და თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა ამ საერთო სიხარულის დადგომაში. ჩვენ დიდ წინაპრებს, რომელთა შორის ერთ-ერთმა უდიდესმა ჯერ კიდევ ქართული ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ანდერძად დაგვიტოვა : „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“ – ეს სიტყვები ხელიდან ხელში, ბრძოლიდან ბრძოლაში, ჯამიდან ჯამში გადადიოდა საბოლო გამარჯვების იმედით.

მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენს სამშობლოს მეგობრობის ხელი გამოუწოდა, ჩვენი შრომა და თავდადება დააფასა, გვენდო და მხარი დაგვიჭირა, ვინც ერთგულება დაგვიდასტურა.

ბოლოს, მადლობა თქვენ, ბრძენ და მშრომელ ქართველ ხალხს, ვინც კარგად იცით გამარჯვების ფასი, სწორედ თქვენთვის და თქვენი სახელით მუხლჩაუხრელად და ამაყად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სანუკვარი მომავლის -ერთიანი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველოს შენებას. დიდება საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.