საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება.
თალაკვაძის თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ ვიზიტი შედეგიანი იქნება.
„პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაიწყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში, ბაქოში. ორი დღის განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან და მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. მადლიერი ვართ, რომ აზერბაიჯანმა გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება იმ ურთიერთობების, მეგობრობის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს და მთავრობებს შორის არსებობს. ბუნებრივია, თავის მხრივ, საქართველო მზად არის, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი, რაც რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების მხარდაჭერას სჭირდება და ორიენტირებული ვართ მომავალსა და იმ გეგმებზე, რომლებიც ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს სჭირდებათ. მოველით, რომ აზერბაიჯანში ვიზიტი პოზიტიური და შედეგიანი იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში შედიან პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.