ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან მე არ მისაუბრია -სალომე ზურაბიშვილი

66
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან არ უსაუბრია.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს უპასუხა კითხვას ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქსავიე ბატელის იმ განცხადებაზე, სადაც ბატელი ამბობს: „გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც. ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ“.

„წაგიკითხავთ სიას: პოლონეთი – ანჯეი დუდა, ლიეტუვა – გიტანას ნაუსედა, ლატვია – ედგარს რინკევიჩსი, ესტონეთი – ალარ კარინსი, მოლდოვა – მაია სანდუ, ფინეთი – ალექსანდრე შტუბი, გერმანია – ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, დანია – მეტე ფრედერიქსენი, რუმინეთი – ელენსა ლასკონი, შვედეთი – ულფ კრისტენსონი. ამერიკა, სენატორები – შაჰინი, კუნსი, კარდინი და კიდევ სამი. ევროპული საბჭო – ანტონიო კოსტა, ევროპის საბჭო – ალან ბერსე, ევროპული პარლამენტი – რასა იუკნევიჩიენე, ევროკომისია – მარტა კოსი, ევროკომისია – ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისია – კაია კალასი. ესენი არიან ამ ბოლო დღეებში ის ადამიანები, რომლებსაც მე ვესაუბრე. ლუქსემბურგთან არ მისაუბრია. არ ვიცი, საიდან, არ მისაუბრია. შეიძლება, ვიღაცისგან რაღაც გაიგო და გადმოსცა, როგორც შეეძლო, მე არ მისაუბრია ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, – „სხვა მინისტრებთან, ვისაც ესაუბრეთ, იყო ასეთი ფორმულირებული თხოვნა, რომ არ ყოფილიყო აღიარებული? მტკიცებულებები მიწოდებული გაქვთ?“ – ზურაბიშვილმა უპასუხა: „აბა რა. აბა რა. მტკიცებულება არის ქუჩაში. მეტი რა გინდათ? მე არ ვარ მტკიცებულებების დამლაგებელი, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დამკვირვებელთა ორგანიზაციებმა მოაგროვეს ძალიან ბევრი მტკიცებულება, ეს მტკიცებულებები არის სტრასბურგში, ასევე, მე შევიტანე საკონსტიტუციოში ორი მიმართულებით სარჩელი“.