ლონდონში 23 აპრილს გაიმართება შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ მუშაობა, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას – ზელენსკი

5
spot_img

23 აპრილს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ლონდონში შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან „დეტალური“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად კონსტრუქციულად განვაგრძოთ მუშაობა, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რასაც მოჰყვება რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.

„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გვეხმარება. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ და ამ აღდგომამ გვაჩვენა, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს ომს“, – წერს ზელენსკი.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ანდრეი ერმაკი, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არსებობს „ძალიან კარგი“ შანსები რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის „სამშვიდობო შეთანხმების“ დადებისთვის.