ლომჯარიები და გიგაურები ყოველდღიურად ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში, არეულობისა და დესტრუქციის შემოტანაში, ეს ჩვენთვის ახალი არ არის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არა – „ენჯეოები“.
„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი იდგა, როგორ დარბოდნენ კაბინეტ-კაბინეტ მათი წარმომადგენლები, და არამხოლოდ, ევროპარლამენტში თუ ცალკეულ ქვეყნებში და არწმუნებდნენ, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიეცათ ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია, რადგან ამას „ქართული ოცნება“ მიიწერსო. ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არა -„ენჯეოები“ ან სამოქალაქო საზოგადოება, ამაში დავრწმუნდით.
სიტყვა „უსამშობლოს“ როდესაც ვამბობთ, ამას აქვს თავისი მიზეზები და სწორედ ეს ქმედებებია იმ უსამშობლობის ნათელი დასტური და მაგალითი. საერთოდ არ არის გასაკვირი, როდესაც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია ანტისახელმწიფოებრივ და უსამშობლო ნაბიჯებს დგამენ და აუცილებლად გადადგამენ, სადაც ამის იურიდიული შანსი მიეცემათ. იურიდიულადაც კი არის უკვე დადასტურებული, მას შემდეგ, რაც უარი განაცხადეს რეგისტრაციასა და გამჭვირვალობაზე. ისინი აქ რეალურად „ენჯეოები“ კი არ იყვნენ, არამედ იყვნენ იმ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უბრალოდ გამტარი შპს-ები. დონორისგან მიღებულ ფულს, როგორც შპს შავ ფულს, ისე ატარებდნენ ამ უსამშობლოების დასაფინანსებლად, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და, დღეს როგორც ვხედავთ, მათი დანაყოფები ჰქვია“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.