ლიეტუვის სეიმმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ სეიმი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის კანონიერ ევროპულ მისწრაფებებს და სურვილს, იცხოვრონ აყვავებულ დემოკრატიულ ქვეყანაში.
ლიეტუვის პარლამენტმა მკაცრად დაგმო საქართველოს მთავრობის მიერ თბილისსა და ქვეყნის სხვა ადგილებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინება და უკანონო დაკავება, ასევე მმართველი პარტიის ოფიციალური პირებისა და პროსამთავრობო მედიის მიერ რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციული ნარატივების სისტემატური გავრცელება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
სეიმის აღნიშნული რეზოლუცია 109 ხმით იქნა მიღებულ ერთის წინააღმდეგ. რეზოლუციაში სეიმი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობის ძალადობრივ რეპრესიებზე.
ამასთან, რეზოლუციაში სეიმი მოუწოდებს, შეიზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, შეაჩერონ ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლებისთვის და, შესაბამისად, გაზარდონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისთვის.
„დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, როგორიცაა საარჩევნო ბიულეტენების გაყალბება, ამომრჩეველთა თავისუფალი ნების შეზღუდვა და არჩევნების დამკვირვებლებისა და მედიის საქმიანობაში ჩარევა, მათი დამოუკიდებლობის ხელყოფა, სეიმმა დაასკვნა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს, ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფლად და არც სამართლიანად. სეიმის რეზოლუცია მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას, საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. სეიმის რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს მოწოდებას საარჩევნო მანიპულაციების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებების დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
გარდა ამისა, ლიეტუველი დეპუტატები მიესალმებიან ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გადაწყვეტილებას, საქართველოში მისიის გაგზავნის შესახებ, დარღვევების სათანადოდ და ყოვლისმომცველად შესაფასებლად.
სეიმმა ხაზი გაუსვა, რომ იგი განაგრძობს საქართველოს ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა ამ გზაზე პროგრესი შეჩერებული რჩება, სანამ არ გადაიჭრება ევროკავშირის გაფართოების ფუნდამენტურ კრიტერიუმებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები.
„2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი დარღვევებით, მრავალრიცხოვანი დოკუმენტირებული ანგარიშებით ხმების მანიპულაციის შესახებ, საარჩევნო თავისუფლებების ჩახშობით, ხმების მოსყიდვის შემთხვევებით, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების შევიწროებით, ამომრჩეველთა დაშინებით საარჩევნო უბნებში და მათ გარეთ, ამომრჩეველთა თვალთვალით და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონფისკაციით სოფლებში, რასაც მოჰყვა მათი გადაცემა მმართველი პარტიის ერთგული აქტივისტებისთვის ხმის მიცემის მიზნით, ორგანიზებული ამომრჩეველთა ტრანსპორტირებით, სიძულვილის ენით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ნაკლებობით და სოფლებში ქალებსა და მამაკაცებს შორის ამომრჩეველთა აქტივობის დაუჯერებელი განსხვავებებით.
28 ოქტომბერს თბილისში დაიწყო საპროტესტო აქციები საარჩევნო გაყალბებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებების შეჩერების გამო. ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩაში მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებული გამარჯვების ლეგიტიმურობის გასაპროტესტებლად. პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა დემონსტრაციები, გამოიყენა არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ“, – ნათქვამია ლიეტუვის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.