ლიეტუვის ახალი პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინენე გახდა

5
spot_img

ლიეტუვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი ინგა რუგინენე დაამტკიცა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

რუგინენეს ხმა 78 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ 35 პარლამენტარი წავიდა, ხოლო 14-მა თავი შეიკავა. ფორმალურად რუგინენე პრემიერის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მისი დანიშვნის შესახებ განკარგულებას გამოსცემს და ის პარლამენტში ფიცს დადებს.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 31 ივლისს სკანდალის ფონზე მთავრობის წინა თავმჯდომარე გინტაუტას პალუცკასი გადადგა.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ლიეტუველმა ჟურნალისტებმა არაერთი გამოძიება ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ პალუცკასს წარსულში არაკეთილსინდისიერი გარიგებები და საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა. ამის ფონზე ლიეტუვის პრეზიდენტმა მას ორკვირიანი ვადა მისცა. მას ან უნდა გაექარწყლებინა ბრალდებები, ან გადამდგარიყო. პალუცკასი გადადგა.