
ქალბატონი [სალომე] ზურაბიშვილი იყო გამაცენტრალიზირებელი იმ ინსტრუქციების, რა ინსტრუქციებიც ქვეყნის გარედან რადიკალური ოპოზიციისთვის მოდიოდა, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილზე ფსონი იყო დადებული, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
„ქალბატონი [სალომე] ზურაბიშვილი იყო გამაცენტრალიზირებელი იმ ინსტრუქციების, რა ინსტრუქციებიც მოდიოდა ქვეყნის გარედან რადიკალური ოპოზიციისთვის. ის უბრალოდ ამ ყველაფერს აცენტრალიზირებდა. მასზე ფსონი იყო დადებული. ამ ქალბატონთან დაკავშირებით იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სისხლიან რეჟიმთან კავშირი ჰქონდა და ა.შ. შესაბამისად, სწორედ ამიტომ აირჩიეს მისი ფიგურა და არ აურჩევიათ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობიდან“ გარე დამკვეთებს ფიგურა, ვინაიდან დანარჩენები ყველანი ასოცირდებიან სისხლიან რეჟიმთან, ან ბიზნესის რეკეტთან, ან ქვეყნის ღალატთან და ა.შ. მაგრამ ეს ფსონი აღმოჩნდა წარუმატებელი.
ახლა ქალბატონ ზურაბიშვილს რა სიტყვებით მოიხსენიებენ, კარგად ხედავთ. ახალი ინსტრუქცია ან წამოსული არ არის, ან პირდაპირ წამოსულია, რომ დრო მოვიდა, „ჩავრეცხოთ“, უკაცრავად ამ სიტყვებისთვის, ქალბატონზე ვსაუბრობ. ახლა შეიძლება იფიქრონ რაღაც ახალი ლიდერის გამოჩენაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არსებული პოლიტიკური ველიდან, „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ უნდა იყოს. ელოდებიან ამ ინსტრუქციებს. სანამ ეს ინსტრუქციები წამოსული არ არის, ქაოსია და ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასულები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.