ლევან მაჭავარიანი: გარე ძალები ახლა ფსონს დებენ „ლელოზე“ და გახარიას პარტიაზე, რომ თითქოს მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ ესენი დამოუკიდებელი პარტიები არიან – ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ, საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს

5
spot_img

გარე ძალები ახლა ფსონს დებენ „ლელოზე“ და გახარიას პარტიაზე, რომ თითქოს და მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ ესენი დამოუკიდებელი პარტიები არიან, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ა.შ. – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად არის, საშტაბო მუშაობა დაწყებული აქვს და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ოპოზიციურ პარტიას დაავალებენ არჩევნებში მონაწილეობას.

„არჩევნებთან დაკავშირებით თვითონ გარე უფროსები არ არიან ჩამოყალიბებული ამ ოთხ რადიკალურ პარტიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ისინი დარწმუნდნენ და ეს 2024 წელსაც ასე იყო, რომ ფსონს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აღარ აკეთებენ.

მაგიტომ იყო, რომ ხელოვნურად გააჩინეს პარტია ე.წ. „ახალი“. იმაშიც დარწმუნდნენ, რომ ეს „ახალიც“ ვერ შეასაღეს საზოგადოებას, აქედან გამომდინარე, ახლა ფსონს დებენ „ლელოზე“ და გახარიას პარტიაზე, რომ თითქოს და მოაჩვენონ საზოგადოებას, რომ ესენი დამოუკიდებელი პარტიები არიან, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ა.შ. ამიტომ არის ხელოვნურად შექმნილი ეს სპექტაკლი, ხელოვნური დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა, რომ რაღაცნაირად განარიდონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ორი პარტია.

ჯერ კონფიგურაციაზე არ არიან ჩამოყალიბებული, საბოლოო ინსტრუქციები არ აქვთ მიღებული. ოთხივეს დაავალებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუ მხოლოდ ორს ექნება ეს დავალება. ამიტომ, ეს ჩანაწერი იცვლება, ზუსტდება და ვერც მკაფიო ვერ არის ჯერჯერობით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გარე უფროსები, ოლიგარქიული მმართველები დაკავებულები არიან დათვლით და გადათვლით. ჩვენ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ. საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს და მნიშვნელობა არ აქვს, ოთხივეს დაავალებენ მონაწილეობას, ორს, თუ დაშლიან, ან გააერთიანებენ პარტიებს. ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.