“ლაზარეს შაბათი” – მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

345
spot_img

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს.  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. “ლაზარე” ებრაული სახელია და ქართულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.

საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი ხსნილია თევზით და ხიზილალით, ხოლო ბზობის დღესასწაულზე ვიხმევთ თევზსაც. ამ დღეს მორწმუნეებს ურიგდებათ ნაკურთხი ბზის ტოტები გასახსენებლად იმისა, თუ როგორ უფენდნენ ოდესღაც იესო ქრისტეს მწვანე რტოებს ებრაელები მისი იერუსალიმში დიდებით შესვლისას, პასექის უკანასკნელ დღესასწაულზე.

ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება.

ქართველ ხალხს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება ძველთაგანვე ქართული ენისა და სრულიად საქართველოს აღდგინების სიმბოლოდ მიაჩნია. იოანე ზოსიმეს “ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ”-ს მიხედვით, “დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!”.

ტროპარი:
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი:
ჭეშმარიტად ყოველთათვის მხიარულებაი არს ქრისტე, ნათელი და ცხოვრებაი სოფლისა, რამეთუ აღდგომაი მკვდართა ცხად-ჰყო სახიერებითა თვისითა და სახე გვექმნა აღდგომისა, და ყოველთა ღმრთაებრ მიმადლებს ცოდვათა მიტევებასა.

კონდაკი:
ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ0დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი.