აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის პოზიცია გადამწყვეტია ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლინკენმა ჟურნალისტებს სეულში განუცხადა.
„მათი პოზიცია კურსკში მნიშვნელოვანია, რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც გავლენას მოახდენს მომავალ წელს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ უსაფრთხოების ადეკვატური გარანტიები მაინც დასჭირდება.
„რაღაც მომენტში იქნება ცეცხლის შეწყვეტა. ეს არ იქნება პუტინის გონებაში “თამაში დასრულებულია”. მისი იმპერიული ამბიციები დარჩება და ის შეეცდება, დასვენებას, გადაიარაღებას და საბოლოოდ ხელახლა შეტევას“, -განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ საჭიროა ადეკვატური შემაკავებელი მექანიზმი, რათა მან ეს არ გააკეთოს.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყო.