
გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ („Deutsche Welle“ – „გერმანული ტალღა“) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრემლი და დასავლური სანქციები: რომელი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს“ (ავტორი – არტურ სელივანი). პუბლიკაციაში მოცემულია რუსეთის საგარეო ვაჭრობის მდგომარეობის ანალიზი, უკრაინასთან ომის დაწყების შემდგომ პერიოდში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე სამი წელი გავიდა. არაფერი ისე არ შეცვლილა მოსკოვისათვის, როგორც სავაჭრო ურთიერთობები შეიცვალა დანარჩენ მსოფლიოსთან. 2022 წლამდე რუსეთის ექსპორტის თითქმის ნახევარი ევროპულ ქვეყნებში მიდიოდა, ბელარუსია და უკრაინის ჩათვლით. ექსპორტის დიდ ნაწილს ენერგომატარებლები შეადგენდა, ძირითადად ნედლი ნავთობი და ბუნებრივი საწვავი გაზი.
დასავლეთიდან – აღმოსავლეთისაკენ
2023 წლის ბოლოს სურათი თითქმის მთლიანად შეიცვალა: რუსეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრები გახდნენ ჩინეთი და ინდოეთი, რომლებზეც რუსეთის ექსპორტის თითქმის ნახევარი მოდის: ჩინეთზე – დაახლოებით 33%, ხოლო ინდოეთზე – თითქმის 17%. უკრაინაში შეჭრამდე, 2021 წელს ჩინეთის წილი შეადგენდა 15%-ზე ნაკლებს, ხოლო ინდოეთისა – 2%-ზე ნაკლებს.
2024 წელს ევროპულ ქვეყნებში რუსული ექსპორტის 14% იგზავნებოდა, ორი წლით ადრე კი 48%-ზე მეტი. თურქეთში რუსეთის ექსპორტი 2021 წლის 4,2%-დან 7,9%-მდე გაიზარდა 2024 წელს. ზომიერი ზრდა ფიქსირდება ყაზეხეთთან და უნგრეთთან, რომლებსაც რუსეთთან წლების განმავლობაში მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ.
„რუსეთი – ჩინეთის ვასალი“
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოსკოვის ეკონომიკური ურთიერთობა ყველაზე რადიკალურად პეკინთან შეიცვალა – როგორც ვაჭრობის, ასევე გეოპოლიტიკური კუთხით. „რუსეთი უკვე ჩინეთის ვასალად გადაიქცა“, – განაცხადა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელინა რიბაკოვა, ვაშინგტონში არსებული პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის ეკონომისტი.
დასავლური სანქციების გამო მოსკოვი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული პეკინზე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტის სფეროში. „რუსეთი დიდი და რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ მას არ აქვს თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობა“, – ამბობს ჟოლტ დარვაში, ბრიუსელის მსოფლიო ეკონომიკის კვლევის ცენტრის Bruegel-ის თანამშრომელი, – ამიტომაც მოსკოვი იძულებულია ფართო მოხმარების პელექტრონული პროდუქცია საიდანღაც მიიღოს. მისი მიმწოდებელი სულ უფრო ხშირად ჩინეთი ხდება“.
თავის მხრივ, ელინა რიბაკოვა აზუსტებს, რომ ჩინეთი არამარტო აწოდებს რუსეთს თავის საკუთარი – ჩინური – წარმოების პრდუქციას, არამედ ეხმარება მას დასავლური საქონლის შეძენაშიც. განსაკუთრებით ეს ეხება „ორმაგი მოხმარების“ პროდუქციას, რომელიც გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნით.
ჩინური პროდუქციის იმპორტმა რუსეთს ევროკავშირიდან იმპორტი მნიშვნელოვნად ჩაუნაცვლა – 2024 წლისათვის ჩინურმა ექსპორტმა რუსეთში თითქმის 105 მილიარდი ევრო შეადგინა. ექსპორტში დაახლოებით 40% სხვადასხვა დანადგარებზე და მაკომპლექტებელ დეტალებზე მოდის, 30% – მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე, ტრაქტორებზე და მათთვის სათადარიგო ნაწილებზე, 20% – პლასტმასისა და რეზინის ნაკეთობებზე, ტექსტილზე და ა.შ.
ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიო
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ბოლო სამ წელიწადში სწრაფად მოახდინა ვაჭრობის ორიენტირების შეცვლა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ექსპერტები არ თვლიან, რომ „რუსეთმა კარგი ცხოვრება დაიწყო“, ანუ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა 2021 წელთან შედარებით. როგორც ჟოლტ დარვაში ამბობს, რუსეთის ეკონომიკა, რასაკვირველია, არ ჩამოიშლება, მას კიდევ ბევრი პრობლემის გადატანა შეუძლია, მაგრამ მოსკოვი ამჟამად ისეთ მაღალხარისხიან პროდუქციას ვეღარ იღებს, რასაც ადრე ევროკავშირიდან და საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებიდან იღებდა, რაც მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“.
ელინა რიბაკოვას აზრით, რუსეთს, ეკონომიკური თვალსაზრისით, კრახი ნამდვილად არ ემუქრება, მისი საქმე ცუდად არ არის, რასაც ადრე ბევრი პროგნოზირებდა. კრემლის მიერ გეოეკონომიკურ საკვანძო სავაჭრო პარტნიორების შეცვლა ასევე ნიშნავს გეოპოლიტიკურ ცვლილებასაც – მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგზე გადასვლას.
„ეს ძალზე მოხერხებული გზაა ვლადიმერ პუტინისათვის, რომელიც მრავალპოლუსიანი წესრიგის დამკვიდრებას ცდილობს. რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს მოერიდება, რომ დასავლეთს აჩვენოს – კრემლს შეუძლია ყველა სიტუაციაში გამოსავალი მონახოს… მაგრამ ასეთ გზას მეორე, ჩრდილოვანი მხარეც აქვს: ჩინეთზე დამოკიდებულება რუსეთს მოწყვლადს ხდის, პეკინი მოსკოვისათვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო შლიუზი ხდება. რა თქმა უნდა, ჩინეთისთვისაც მნიშვნელოვანია რუსეთი, მაგრამ შეუცვლელი ნამდვილად არის“, – ამბობს ელინა რიბაკოვა.
მოამზადა სიმონ კილაძემ