კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში საქართველოსადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენა გაიხსნა

26
spot_img

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და პოლონეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება”.

გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი და გამოფენის კურატორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გამოფენას, ასევე, ესწრებოდნენ პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი პიოტრ ჩვიკი, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მარტა ციენკოვსკი, კრაკოვის ეროვნული მუზეუმის დირექტორი ანდჟეი შჩერსკი, გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორი და გამოფენის კურატორი მიროსლავ პიოტრ კრუკი, კრაკოვის მუზეუმის თანამშრომლები და სხვა მიწვეული სტუმრები.

გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ამ გამოფენით ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა; ასეთი მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს ორი ერის კულტურის დაახლოებას და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს არის საქართველოს შესახებ უცხოეთში გამართული უპრეცედენტო გამოფენა.

ევროპელი დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს. იხილავენ ქართული მოდერნიზმის საუკეთესო წარმომადგენელთა შემოქმედებასაც. ამ ექსპოზიციაზე პირველად გამოიფინა პოლონეთის სხვადასხვა მუზეუმში დაცული არაერთი ქართული არტეფაქტი.

გამოფენაში მონაწილეობს 14 ქართული მუზეუმი როგორც დედაქალაქიდან, ასევე, რეგიონებიდან, კერძოდ: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა”, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; წარმოდგენილია არჩილ გელოვანის პირადი კოლექცია.

გამოფენაში ასევე მონაწილეობს მსოფლიო დონის არაერთი მუზეუმი: ლუვრი, ბრიტანეთის ეროვნული მუზეუმი, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, კრაკოვის სახელმწიფო მუზეუმი, იერუსალიმის მუზეუმი, ვაველის სამეფო სასახლე და ვარშავის ეროვნული მუზეუმი.

გამოფენაზე წარადგინეს ორენოვანი – ინგლისურ-პოლონური კატალოგი, რომელიც მკითხველს ქართული კულტურის განვითარების სხვადასხვა ეტაპს აცნობს. კატალოგის ინგლისურენოვანი ვერსია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

საქართველოში გამოფენის მომზადებას ხელმძღვანელობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, რომელიც არის გამოფენის კურატორი. გამოფენას ჰყავს პოლონელი კურატორიც – ცნობილი ბიზანტიოლოგი, პროფესორი მიროსლავ კრუკი.

გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული ხალხური სიმღერები და ენახათ ტრადიციული ცეკვები. ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ფოლკლორული ანსამბლი „შილდა”, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი „ძირიანი” და მომღერალი ნინო ნაყეური.
გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.