კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმებაა – სალომე სამადაშვილი

21
spot_img

გამდიდრებული, კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, არის წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმება – ეს განცხადება, იმდენად დიდი სისულელეა, რომ მგონია ივანიშვილმა დაწერა, – ასე შეაფასა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მმართველი გუნდის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და“ ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირებას გეგმავს.

როგორც სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება ასხივებს დამარცხების შიშს, რომელიც იკითხება ყველა ხაზს შორის“.

„არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ იციან, რომ ისტორიულ მინიმალურ შედეგზე გავლენ. ახლა, სასოწარკვეთილად ცდილობენ მოუწოდონ ხალხს, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს არჩევნებზე. იმ გაღატაკებულ ქართველ ხალხს მოუწოდებენ, რომელსაც ევროპული მომავალი წაართვეს, იმ ხალხს, საიდანაც 1 მილიონი აქცია ეკონომიკურ ლტოლვილად, აიძულა ქვეყნიდან გაქცეულიყო.

დღეს გამდიდრებული კორუმპირებული რუსული რეჟიმი ერთადერთი, რასაც ხალხს ჰპირდება, არის წინა ხელისუფლების გასამართლება და ოპოზიციის გაუქმება.

ეს ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ ქვეყანას მმართავს გაკოტრებული, რუსული რეჟიმი.

თუ უნდათ სახელმწიფოს გადარჩენა პუტინის რუსეთისგან, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ უნდა მისცენ ხმა.ზოგადად, ეს განცხადება, ტექსტი იმდენად დიდი სისულელეა, რომ მგონია ივანიშვილმა დაწერა“,-აღნიშნა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, მმართველმა გუნდმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირება იგეგმება.

გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისათვის.

„ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის“,- აღნიშნულია განცხადებაში.