“კონცეპტ art” აღარ დააფინანასებს ხელოვანებს, რომლებიც posttv-ზე მივლენ”- თეონა ჯორბენაძე

1085
spot_img
“კონცეპტ art” აღარ დააფინანასებს ხელოვანებს, რომლებიც posttv-ზე მივლენ,” – ამის შესახებ “კონცეპტ art – ის ” ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯორბენაძე სოციალურ ქსელის საშუალებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილის მიმართავს.
“შენ უკვე გვამის ორგანოებისგან აწყობილ ზომბს დაემსგავსე, მალე ალბათ, მეტყველების ნაცვლად მხოლოდ ყმუილი შეგეძლება. უბრალოდ, შენს შემქმნელზე ადევნებასაც ვერ შეძლებ, ის გაგასწრებს აუცილებლად.
როგორ მოექეცი შენს ნიჭს, შვილებს, რის ფასად გიღირს? არ მჯერა, რომ მხოლოდ ლარებმა გადაწონა. იმდენად ღიაა უკვე შენი ტროლობა, რომ „გასაშავებელი“ არტისტების სიას აღარც მალავ, პირდაპირ შეგაქვთ სტუდიაში რომელიმე რომ არ გამოგრჩეთ. გუშინდელი ეთერის შემდეგ შექება დაიმსახურე თუ დღეს გადაუგზავნიან?
მივმართავ ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, არტისტებს. როგორ არ გიჩნდებათ პროტესტი, ასეთი რა გაჭირვებაა, რომ სტუმრად დადიხართ გადაცემებში Postv-ზე, რომლის ეთერიდან თქვენს კოლეგებს ასე გულისამრევად ამცირებენ, დასცინიან, ცილსწამებენ?
არხი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური მოვლენის ფონდ „იავნანას“ დარბევით გაიხსნა! ეს იყო მათი პირველი მაშტაბური მავნებლობა, რის შემდეგაც დააჯილდოვეს ბიუჯეტით და ონლაინ სივრციდან ტელევიზიად გახადეს. ინვესტიცია ჩაიდო სიძულვილის და სიცრუის პროპაგანდაში და ყოველი ვიზიტი მათთან სწორედ ამ სიბოროტის ხელშეწყობაა.
გუშინ მათი დავალება იყო პაატა ბურჭულაძის, თამრიკო ჭოხონელიძის და მერაბ სეფაშვილის დისკრედიტაცია, ხვალ თქვენი პოზიცია არ მოუვათ თვალში და აუცილებლად მოგდგებიან. არასდროს ვყოფილვარ რადიკალური, მაგრამ საჯაროდ გეტყვით, ვისაც ჩვენს შემოქმედებით გუნდთან მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გაქვთ იცოდეთ, რომ ეს წითელი ხაზია და არჩევანი თქვენთვის მომინდვია.
Ps. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ შალვა რამიშვილი როცა დაიჭირეს და 202 უპატრონოდ დარჩა მე და მაკა რაზმაძე სრულიად უანგაროდ, არხი რომ არ გაჩერებულიყო, საეთეროს არ მოვშორებივართ. შემდეგ წარმოებაში ჩავუშვით „დარდუბალა 2“. მართლაც სარისკო იყო იმ დროს ბევრი რამ და შალვა ღია ხაზით შენ იმედზე ვარო ციხიდან მირეკავდა :))) ჩემთვის მთავარი მოტივი მაშინაც უსამართლობასთან უგუებლობა იყო და დღესაც!
როდესაც ჩემი და მრავალი საამაყო ქართველი თუ უცხოელი არტისტის აშენებული სიკეთის სახლის „იავნანას“ დარბევა დაევალა ვერ დავიჯერე, ვურეკავდი და სატელეფონო ზარებსაც კი დაემალა.. მანამდე მეგონა, რომ ცუდი ტიპის როლის თამაში არავის უნდოდა და მას ეს ნიღაბი რაღაც გამოწვევად მიაჩნდა. დღეს უკვე ვიცი, მისი თანამონაწილეობით ცხოვრებაში გადმოტანილი „დარდუბალა 3“ რა ფინალით დაუსრულდება,” – წერს თეონა ჯორბენაძე.