კონფლიქტის დასრულებისთვის აუცილებელი პირობა-რამაზ ქართველიშვილი

27
spot_img

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს თვალებში ჩავხედე და გულწრფელად ვუთხარი, რომ უკრაინის ომი ვერ გადაწყდება ბრძოლის ველზე. პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა დიპლომატიაა და დიალოგი. ორივე მხარეს მოუწევს ერთად დასხდომა და კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება.
ნარენდრა მოდი, კიევი, 2024 წლის 23 აგვისტო. “ჩვენ ვიმყოფებით პირველი მსოფლიო ომის წინ არსებულ კლასიკურ სიტუაციაში, როცა არც ერთ მხარეს არ აქვს დიდი შესაძლებლობა პოლიტიკური კომპრომისებისთვის და წონასწორობის ნებისმიერ დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები.”

ჰენრი კისინჯერი, The Economist, 2023 წლის 17 მაისი. ცალმხრივი კომპრომისის ორმხრივი მოლოდინი და… „სასიცოცხლო“ ინტერესთა ბალანსის რღვევის პროცესი LIVE-რეჟიმში – სერიიდან „ორი მსოფლიო ომის შეუთვისებელი გაკვეთილები, ანუ სიგნალები წარსულიდან“.
ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს: გეოპოლიტიკურ და „სასიცოცხლო“ ინტერესთა მყიფე ბალანსის დარღვევა ყოველთვის მწვავე სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისებთან და კატაკლიზმებთანაა დაკავშირებული. ორივე მსოფლიო ომის მიზეზი სწორედ ამგვარი წონასწორობის მოშლის მცდელობა გახდა. ორივეჯერ ომი მწვავე კრიზისის ბოლო, უმწვავესი ფაზის დასასრულს გაჩაღდა, როცა ინტერესთა არამყარი წონასწორობის რღვევის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. აქ აუცილებელია განიმარტოს-ორ მსოფლიო ომამდე არსებულმა კრიზისებმა ჩასახვის, მომწიფების, განვითარების(მწვავე) და „დასრულების“(უმწვავესი) სტადიები გაიარა. ორივე შემთხვევაში, ინტერესთა არამყარი ბალანსის ფორმირებამდე, წონასწორობის მსხვრევის პოტენციალი კრიზისის ჩასახვის ეტაპზე ჩაიდო(1871 წელს გერმანიის მიერ საფრანგეთის ელზას-ლორენის ოკუპაცია და 1919 წელს ვერსალის სისტემის შექმნა). შედარებით უფრო მყარი ბალანსი შექმნა 1945 წლის იალტა-პოტსდამმა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე იარსება. წონასწორობის ეროზიის პროცესი სწორედ 1991 წლის 25 დეკემბერს იღებს სათავეს, რომელმაც ახლანდელ მწვავე კრიზისამდე მიიყვანა მსოფლიო.
ამჟამად ჩვენ LIVE-რეჟიმში ეგზისტენციალურ ინტერესთა მყიფე ბალანსის საფუძველში მორღვევის ორ პარალელურ პროცესს ვადევნებთ თვალს. პირველი- აზიის აღმოსავლეთში, ტაივანის ირგვლივ აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაა. ის საკმაოდ დუნედ მიმდინარეობს და მისი მწვავე ფაზაში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია. მეორე -უკრაინის კონფლიქტის გარშემო, ნატო-რუსეთის დაპირისპირება აგერ აქ, ევროპაში ვითარდება. ეს უკვე ძალზე შორს წასული მწვავე პროცესია უმწვავეს, „დამამთავრებელ“ ფაზაში შესვლის რეალური პერსპექტივით.
ვითარების მთელი ტრაგიზმი ისაა, რომ არც უკრაინის, არც ტაივანის ირგვლივ დაპირისპირებულ მხარეებს „არ აქვთ მეტი შესაძლებლობა პოლიტიკური დათმობებისთვის“.
ახლანდელ მოვლენებს გონების თვალით პირველი მსოფლიო ომის წინ არსებულ სიტუაციაში გადავყავართ. ვავლებთ პარალელებს და მართლაც გამაოგნებელ მსგავსებებს და დამთხვევებს ვპოულობთ.


ისტორიული ფაქტია-პირველი მსოფლიო ომი გერმანიის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიების პირველმა პირებმა, კაიზერმა ვილჰელმ მეორემ და იმპერატორმა ფრანც იოსებმა გააჩაღეს. ივლისის კრიზისის ბოლო ეტაპზე მათ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე შეუერთდა. თითოეულს საკუთარი იმპერიის სასიცოცხლო ინტერესები ამოძრავებდა.
ფრანც იოსები თვლიდა, რომ სარაევოში მისი „საცოდავი ბიძაშვილის“ საზარელი მკვლელობა პირდაპირი შედეგი იყო რუსი და სერბი პანსლავისტების აგიტაციისა, რომელთაც მიზნად ჰქონდათ დასახული მისი იმპერიის და სამთა კავშირის(გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, იტალია) დასუსტება. „ევროპის მონარქების სამშვიდობო პოლიტიკა საფრთხეში იქნება, სანამ ბელგრადში დანაშაულებრივი აგიტაციის ეს კერა არსებობს“-წერდა 4 ივლისს ფრანც იოსები თავის გემანელ კოლეგას.
კაიზერის გერმანიაში სლავები ადგილობრივ ელიტასაც ჭირივით სძულდა. გენერალური შტაბის უფროსი მოლტკე გენერლებთან შეხვედრებისას სერბებს „დამნაშავე ერად“ მოიხსენიებდა. სლავების მიმართ სიძულვილს თავად ვილჰელმიც ვერ მალავდა კულუარულ საუბრებში.
კაიზერს მიაჩნდა, რომ რუსეთი და მისი მოკავშირე სერბეთი, ინგლისის და საფრანგეთის კოლონიურ იმპერიებთან ერთად, მთავარი დაბრკოლებები იყვნენ გერმანიის „ეგზისტენციალური“ მიზნის-გლობალური ჰეგემონიის დამყარების-გზაზე. მაგრამ ჯერ რუსეთის დაჩოქებას ჰქონდა ვილჰელმისთვის „სასიცოცხლო“ მნიშვნელობა. მხოლოდ ყოველივე ეს უნდა განეხორციელებინა დიდი ომის გარეშე-„გლადიატორის დიდება უბრძოლველად“.
ნიკოლოზ მეორე სერბეთს ავსტრია-უნგრეთის აგრესიის წინაშე ბედის ანაბარა ვერ დატოვებდა, იმპერატორი გრძნობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ რევოლუციას მიიღებდა, რომელსაც ის ვერ გაუძლებდა და შიდა კრიზისით მოცული მისი თვალუწვდენელი იმპერია ხუხულასავით დაიშლებოდა.
1914 წლის ივლისის კრიზისის ბოლო, უმწვავესი ეტაპის დასაწყისისთვის ნათლად გამოიკვეთა ტენდენცია: დაპირისპირებულ მხარეთაგან თითოეული ესკალაციის გზით აპირებდა მოძრაობას, არც ერთი მათგანი უკანდახევაზე არც კი ფიქრობდა- დათმობა დამარცხების ტოლფასი იყო. დიდი ომი არავის უნდოდა, მაგრამ 5 ივლისს დაწყებული კრიზისის ინერცია ყველას სწორედ იქით, კატასტროფისკენ მიაქანებდა. 26 ივლისს, როცა ავსტრია-უნგრეთმა მის მიერ სერბეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ათივე პუნქტის შესრულება კატეგორიულად მოითხოვა (ბელგრადმა მხოლოდ ერთი, არცთუ დიდად მნიშვნელოვანი, პუნქტი არ მიიღო), უკვე ცხადი გახდა, რომ ვენა მხოლოდ საბაბს ეძებდა ომის დასაწყებად. კაიზერის მხრიდან თავისი მოკავშირის დაშოშმინების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
არაკონტროლირებადი ესკალაცია ღვარცოფივით მოვარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპის მთელი პოლიტიკურ-დიპლომატიური ლანდშაფტი ძირფესვიანად წალეკა. უმწვავესი კრიზისის ბოლო დღეების მოვლენების უმოკლესი ქრონიკა ნათლად წარმოაჩენს ვითარების ტრაგიკულობას.
29 ივლისი.ავსტრიელების არტილერია ბომბავს ბელგრადს. ამავე დღეს რუსეთს თავისი ჯარი ავსტრიის საზღვარზე მზადყოფნაში მოჰყავს.
30 ივლისი. ავსტრია-უნგრეთი იწყებს არმიაში რეზერვისტთა გაწვევას. რუსეთი მყისვე აცხადებს მობილიზაციას.
31 ივლისი.გერმანია ულტიმატუმს უყენებს რუსეთს-უახლოესი 12 საათის განმავლობაში გააუქმოს მობილიზაცია და მკაფიოდ განმარტოს, რა მიზანს ისახავს მისი ეს ქმედება(ბერლინი პეტერბურგისგან ცალმხრივ კომპრომისს ელოდება-რ.ქ.)
1 აგვისტო-ნაშუადღევს ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. პეტერბურგისგან პასუხი არ ჩანს-ეს არაორაზროვანი მინიშნებაა: რუსეთი დათმობას არ აპირებს და კომპრომისს გერმანიისგან მოითხოვს. კაიზერი თავის პოზიციაზე ისევ მტკიცედ დგას. ერთი საათის შემდეგ გერმანიის ელჩი პურტალესი ბერლინიდან იღებს ინსტრუქციას: თუ პეტერბურგი გააგრძელებს დუმილის პოლიტიკას, 17 საათზე რუსეთს ომი გამოუცხადოს. თავის მხრივ ელჩი კიდევ 2 საათს აძლევს მოსაფიქრებლად პეტერბურგს და მხოლოდ 19 საათზე ოფიციალურად ამცნობს მას ბერლინის გადაწყვეტილიბას ომის გამოცხადების თაობაზე. თავად იმპერატორი დათქმულ დროს, საღამოს 5 საათზე ხელს აწერს 2 მილიონი გერმანელის შეიარაღებულ ძალებში გაწვევის ბრძანებულებას და შესასრულებლად მას გენერალური შტაბის უფროსს მოლტკეს გადასცემს.ცოტა ხნის შემდეგ შტაბისკენ ავტომანქანით მიმავალ გენერალს მალემსრბოლი, ვილჰელმის თხოვნით, გზიდან უკან მოაბრუნებს. კაიზერის სამუშაო კაბინეტში შესულ მოლტკეს დახვდა სურათი, რომელმაც ის კინაღამ აატირა. იმპერატორი სასოწარკვეთილებას მოეცვა. ჩანდა: მან ახლაღა გააცნობიერა, რომ საკუთარი არასწორი გათვლების გამო ომის გამჩაღებელი ხდებოდა, დიდი ომის, რომელსაც ის მუდამ ასე გაურბოდა (სიგნალი წარსულიდან 24 ).
დღის ბოლოს რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა პარიზმა. დიდ ომში უკანასკნელი ლონდონი ჩაერთო. ეს 4 აგვისტოს მოხდა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა გრეიმ დიდწილად პაციფისტურად განწყობილი ინგლისური ელიტის წინააღმდეგობა მათი დიდი წინამორბედის უილიამ გლადსტონის დანაბარების შეხსენებით გატეხა-ინგლისის წმინდათაწმინდა ვალია არ დაუშვას ევროპაში ნებისმიერი სახელმწიფოს ჰეგემონია.
უკრაინის კონფლიქტის ირგვლივ დღესდღეობით არსებული დაპირისპირება ტყუპისცალივით ჰგავს 1914 წლის ივლისის მიწურულს ევროპაში შექმნილ სიტუაციას, საუკუნის წინანდელი მოვლენების განვითარების ლოგიკა, ციკლური ალგორითმი, ჩვენს სინამდვილეში თითქმის ერთი ერთში მეორდება. როგორც მაშინ, დღესაც დაპირისპირებულ მხარეთა მიზნები, ეგზისტენციალური ინტერესები, კრიზისის დასრულებისთვის აუცილებელი პირობების ხედვა ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებულია.


დაპირისპირებულ მხარეთა მიზნები
რუსეთი: უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია. ამით – მინიმუმ თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაქსიმუმ-გლობალური უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა.
აშშ და ნატო: ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობა, რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და, როგორც შედეგი, ვაშინგტონსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ვერტიკალური ურთიერთობების განმტკიცება.


ეგზისტენციალური ინტერესები
მოსკოვი: უკრაინის ბრძოლის ველზე კოლექტიურ დასავლეთთან სტრატეგიული დამარცხება რუსეთის სახელმწიფოებრიობის შეწყვეტა იქნება. ამიტომ-ომი ყველა დასახული მიზნის განხორციელებამდე{პუტინი, 2024 წლის 8 ივნისი).
ნატო: უკრაინის კონფლიქტში რუსეთის გამარჯვება არა მარტო უკრაინის დამარცხება იქნება, არამედ ნატოსიც, ამიტომ „ეს არ უნდა დავუშვათ“(სტოლტენბერგი, 2022 წლის 11 ოქტომბერი)


კონფლიქტის დასრულებისთვის აუცილებელი პირობა
რუსეთი: კოლექტიური დასავლეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა.
კოლექტიური დასავლეთი: რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაცია. აქ რაიმე კომპრომისის გამოძებნა პრაქტიკულად გამორიცხულია ისევე, როგორც საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, დღესაც ურთიერთდაპირისპირებული ძალები ცალმხრივი კომპრომისის ორმხრივი ამაო მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან. იმ დროის დაძაბულობის განმუხტვის ფორმულამ „ესკალაციის გზით დეესკალაციისკენ“ არ იმუშავა და რეალურად გამოვიდა „ესკალაციის გზით არაკონტროლირებადი ესკალაციისკენ“. მსგავსი ტრენდი ახლა უკვე სახეზეა. ამ ღერძულა ხაზიდან აქეთ-იქით გადახვევები, ზიგზაგები ტაქტიკური ხასიათისაა და მაგისტრალურ მიმართულებას არ ცვლის. ამ მხრივ საგულისხმოა აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ახლახან გამართული შეხვედრა. მოლოდინი, რომ ბაიდენი და სტარმერი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური შორსმსროლელი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით კიევისთვის ნების დართვის საკითხზე საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდნენ, არ გამართლდა. მხარეებმა საჯარო სივრცეში ამ დელიკატურ თემაზე საუბარს დიპლომატიურად თავი აარიდეს და მხოლოდ ის თქვეს, უკრაინის ირგლივ სტრატეგიაზე ვიმსჯელეთო. ვაშინგტონში ამ ნებართვაზე პუტინის მიერ გაჟღერებული რუსეთის გარდაუვალი მწვავე რეაქციის გარდა კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეს: წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და ბაიდენმა მშვენივრად იცის, რომ ამ პერიოდში სიტუაციის ესკალაცია მხოლოდ ანტისაომრად განწყობილი ტრამპის წისქვილზე დაასხამს წყალს.
ვითარება ზედმიწევნით ზუსტად შეაფასეს კრემლში-ახალ მიწაზე მდებარე პოლიგონი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის უკვე სრულ მზადყოფნაშია და იქ მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან.
გაგრძელება იქნება

რამაზ ქართველიშვილი -Ramaz Kartvelishvili©️