კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით 6 რეკომენდაცია გასცა

109
spot_img

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბანკო დაზღვევის – კომერციული ბანკების მიერ საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. სააგენტომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახილველად სავალდებულო 6 რეკომენდაცია გასცა.

უწყების შეფასებით, 2020-2022 წლებში, საკრედიტო პროდუქტების ბაზარი მაღალ კონცენტრირებულია და ამასთანავე მას გააჩნდა სტაბილური ხასიათი, ისევე როგორც მსხვილ ეკონომიკურ აგენტებს შორის წილობრივ განაწილებას.

აღნიშნულ პერიოდში, საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას ახორციელებდა 15 კომერციული ბანკი. 10 კომერციული ბანკის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტებთან ერთად ფიქსირდება სადაზღვევო პროდუქტების მიწოდებაც, მათ შორის 2 უმსხვილესი კომერციული ბანკის საერთო საბაზრო წილი განსახილველ პერიოდში იყო სტაბილურად მაღალი და ინდივიდუალურ დონეზე გააჩნდა სტაბილური პროცენტული მაჩვენებელი. ამასთან, 1 ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში საბაზრო წილი აღემატება 40%-ს და შესაბამისად სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ხოლო დამატებით 1 ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი გადის დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე.

სააგენტოს პოზიციით – კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების” არსებობისას, შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი.

სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით:

1. საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რისი გამოყენების ვალდებულებაც ექნება კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში.

2. შერჩევის კრიტერიუმების საკანონმდებლო დონეზე რეგულირების შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდეს კომერციული ბანკების მხრიდან ჩატარებული შერჩევის პროცესის განგრძობადი მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოხდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

3. საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებული/შესაძლო შემთხვევები, რათა გამოირიცხოს მისი შესაძლო ნეგატიური გავლენა ბაზარზე/კონკურენტულ გარემოზე.

4. განხორციელდეს შერჩეული 3 სადაზღვევო კომპანიის შეთავაზების მონიტორინგი – თუ რამდენად სწორად აწვდის კომერციული ბანკი მომხმარებელს ინფორმაციული არჩევანის შესაძლებლობას.

5. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მომხმარებლის უფლება – საკრედიტო პროდუქტის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეცვალოს სადაზღვევო კომპანია.

6. სააგენტოს პოზიციით მნიშვნელოვანია ბაზარზე შეიქმნას სათანადო პირობები, რათა გარანტირებული იყოს მომხმარებლის სათანადო ინფორმირება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დამატებითი კონკურენტული წნეხის შექმნას შესაბამის ბაზარზე. ამ მიზნით, სააგენტო მიიჩნევს, რომ დარგის მარეგულირებელმა უნდა შეიმუშაოს ან/და ხელი შეუწყოს სპეციფიკური ციფრული პლატფორმის შემუშავებას, სადაც კომერციული ბანკების მხრიდან უნდა განთავსდეს ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო სადაზღვევო კომპანიები ამ პირობების შესაბამისად შეძლებენ ფასის შეთავაზებას.

სააგენტომ მონიტორინგი გასულ წელს დაიწყო და მის საფუძველს „დაზღვევის კავშირის” მომართვა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში წარმოადგენდა. მონიტორინგი საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ჩართულობით, მჭიდრო კოორდინაციით განხორციელდა.