
რაც შეეხება ცხრა პუნქტს, აქ პირდაპირ ითქვა ტყუილი, რეალურად, იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ასე პირდაპირ არ გამომდინარეობდა რეკომენდაციების ტექსტიდან, მაგრამ მერე იყო ინტერპრეტირებული ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან, ეს ეხებოდა ცესკო-ს და სასამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ სურდათ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობა სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ცესკო-ს გადაცემა ოპოზიციისთვის, მათ შორის, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, როცა პირდაპირი სამართლებრივი რეკომენდაციებია, რომ ნეიტრალური უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე.
„ერთ შემთხვევაში უნდოდათ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობა სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, ანუ საუბარი იყო ე.წ. ვეტინგზე. „ვეტინგი“ ნიშნავს იმას, რომ ჩამოდიან უცხოელები, რომლებსაც შეუძლიათ, თანამდებობიდან გაუშვან და, ასევე, დანიშნონ ნებისმიერი მოსამართლე. ასეთ რამეზე დათანხმება არაფრის ფასად არ ღირს. მეორე მოთხოვნა იყო ცესკო-ს გადაცემა ოპოზიციისთვის. რეალურად, ითხოვდნენ კვალიფიციურ უმრავლესობას, კვალიფიციური უმრავლესობის წესით ცესკო-ს წევრების არჩევას პარლამენტის მიერ, რაც ნიშნავდა იმას, რომ სამ წევრს ვერ ვირჩევდით პარლამენტში, შესაბამისად, ოპოზიცია რჩებოდა უმრავლესობაში ცესკო-ში, წარმოიდგინეთ ოპოზიცია უმრავლესობით რომ იყოს წარმოდგენილი ცესკო-ში და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა ოპოზიციონერი, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, როდესაც პირდაპირი რეკომენდაციებია სამართლებრივი, რომ ნეიტრალური უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, რაც ლოგიკურია. პირდაპირ გვითხრა ვენეციის კომისიამ ეს სიგიჟე, შემდეგ ამას დაემატა ევროკავშირი, ჩინოვნიკები და ა.შ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და რადიკალურ ოპოზიციას უნდა ჰქონოდა უმრავლესობა ცესკო-ში. ეს იყო ორი მოთხოვნა, რომელიც არ შევასრულეთ. დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს, უნდა შეგვესრულებინა თუ არა. ყველაფერი დანარჩენი შევასრულეთ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად. აქედანაც ჩანს, რომ იქ არავის აინტერესებდა არც რეფორმა, არც სხვა რამ, ევროპელი ჩინოვნიკები რასაც საუბრობდნენ, ეს იყო პირდაპირი ან ირიბი ფორმით კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების დათმობა. ეს არ გავაკეთეთ და მერე გამოვიდნენ პირდაპირი საარჩევნო მოწოდებებით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. არ არის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ რისთვის ვიბრძოდით 80-90-იან წლებში და მოგვიანებით? მუდმივად გვიწევს ბრძოლა ერთადერთი რამისთვის, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება. ასეთ დროს მოდის ვიღაც ჩინოვნიკი და გეუბნება, რომ პირდაპირ, მარტივად უნდა დათმო შენი სუვერენიტეტი, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა და ამაზე ვერავის გავყვებით, მათ შორის, ვერც ევროპელ ჩინოვნიკებს“, – აღნიშნა პრემიერმა.