
კოდორის ხეობაში ადგილობრივებთან მიდიოდა თავდაცვის თანამშრომელი და გვეუბნებოდა, ყველაფერი კარგად არის, მალე ჩავალთ სოხუმშიო. ჩვენთვის უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ამბობდნენ, სააკაშვილს მანდ ყველაფერი დალაგებული აქვსო, – ამის შესახებ კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კოდორის ხეობა ჯარმა 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვა, ადგილობრივებმა – 11 აგვისტოს. მანამდე ხეობაში მყოფი მაღალჩინოსნები კოდორის ხეობის მცხოვრებლებს არწმუნებდნენ, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკონტროლებს და ევაკუაციისთვის არანაირი პირობა არ არსებობს.
„კოდორის ხეობაში დავიბადე და გავიზარდე. კოდორის ხეობის ადგილობრივი დანაყოფის მეთაური, მის დაშლამდე, ბოლომდე, გახლდათ მამაჩემი, ზურაბ გერლიანი. თავიდან იყო ემზარ კვიციანი, შემდეგ – ზურაბ გერლიანი. ყველაფრის მომსწრე ვარ, როგორი იყო კოდორის ხეობიდან 2008 წელს ჯარის გასვლა. სამწუხაროდ, ჯერ მიდიოდა ჯარი და შემდეგ – მოსახლეობა. მე გამოვედი 11 აგვისტოს, თითქმის დაცლილი იყო ხეობა, ჩემთან ერთად, შეიძლება, 2-3 ადგილობრივი მოსახლე გამოდიოდა. ბოლო დანაყოფი, ოცეული ძალიან აგრესიულად შეგხვდა. 2008 წლის 11 აგვისტოს ჩვენით გამოვედით იქიდან, 10-ში კი ჯარი გამოვიდა, ეს გაქცევა იყო, ისინი გაიქცნენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არის, ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციასო და არანაირი პირობა, რომ გახვიდეთ, ევაკუაცია გამოცხადდეს, არ არსებობსო. ამას გვეუბნებოდა ჯარი და იქ ვინც იყვნენ წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.
თორნიკე გერლიანის თქმით, 2006 წელს სპეცრაზმი მის სახლში „წმენდაზე“ შევიდა.
„2006-ში ჩვენთან სახლში შემოვიდნენ, ჩვენ ზედა სოფელში ვცხოვრობდით, ორი სოფელი გვქონდა და როცა შემოვიდნენ, იძახდნენ, რომ წმენდაზე შემოვიდნენ, ერთ-ერთ სპეცრაზმელს ყურსასმენი არ ჰქონდა გაკეთებული და რაციაში რომ გადასცემდა, ერთი მაღალჩინოსანი იყო, ოქრუაშვილმა გამოაცხადა, გენერალ-გუბერნატორი ხარო. სანამ თავდაცვის სამინისტრო მანდ იყო, ის განაგებდა ყველაფერს – პოლიციას, გამგებლებს, აბსოლუტურად ყველაფრის უფროსი იყო ხვიჩა გუჯეჯიანი. ის იყო ყველაზე აგრესიული. ადგილობრივი იყო, ხეობელი იყო და ის შემოვიდა ყველაზე მეტი აგრესიით. ის გადასცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე, სად არის, ხომ არ გინახავთო და როგორც კი ნახავთ, ეგრევე „იქსი“ მკერდზეო. ეს „იქსი“ ნიშნავს გადაჭრას მკერდზე. პირდაპირ „იქსი“, არანაირი აყვანა, აქამდე ცოცხალი არ ჩამოიყვანოთო. ზევიდან არის მინისტრის ბრძანებაო, რომ პირდაპირ „იქსი“ დაახალეთ მკერდზეო“, – თქვა თორნიკე გერლიანმა.
როგორც თორნიკე გერლიანმა განაცხადა, 2006 წელს კოდორში ოპერაცია რომ დაიწყო, თავდაცვის სამინისტრო ვერტმფრენებით შევიდა, ამ ოპერაციას „კოდორის ხეობის გათავისუფლებას“ ეძახდნენ.
„დაიწყეს სახლების დაბომბვა. სახლებს ვერტმფრენებიდან ესროდნენ, ვერტმფრენს აქვს ორივე მხრიდან ტყვიამფრქვევი, მსხვილკალიბრიანი ტყვია, 50 კალიბრის, არ არის ადამიანზე გათვლილი, ტექნიკის გასაჩერებლად არის. სახლს რომ ბომბავდნენ, გარეთ 49 წლის ქალი გამოვიდა, მთიდან იყო ახალი ჩამოსული და პირდაპირ სამი ტყვია ამოატარეს. ორი ჰქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში და რომ შემოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პირადად ოქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა, რომ, აბა, რა გეგონათ, ჩვენ ასე უბრალოდ ვამბობდით, რომ ყველაფერს გავაკეთებთო? მერე ერთი ქალბატონი იყო ჩემი ნათესავი მანდ და იმას უთხრა, თუ თქვენგან აგრესია წამოვა, წინააღმდეგობა იქნება, დანა ჰქონდა ფეხზე მობმული, ტაქტიკური სამაგრი ჰქონდა, ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, აიღო ეს დანა და ანახა, ძალიან დიდი დანა იყო და ამ დანით გამოგჭრითო ყელს. თან შენობით მიმართა, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო და გამოგჭრით ყველას ყელსო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო. მადლობა თქვითო, რომ ერთი ქალი დაიღუპაო და არა 10 და 20 და 30, თორემ თქვენ სადაც დგახართ, ის მიწა უნდა დაიწვას წესით, იმდენად იყო აქ ბანდფორმირება და არ ემორჩილებოდით ცენტრალურ ხელისუფლებასო“, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ დროს, 2006 წელს, მამიდამისი, რუსიკო გერლიანი ეზოში დაცხრილეს, რაზეც თქვეს, რომ გათვალისწინებული მსხვერპლი იყო და არაუშავსო.