მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საერთაშორისო “ლაიონს კლუბების”(LIONS CLUBS INTERNATIONAL) პრეზიდენტს, პატი ჰილსა და “ლაიონს კლუბების” კოორდინატორს საქართველოში, ბენტ იესპერსენს უმასპინძლა.
კობა კობალაძემ, სტუმრებს გააცნო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სამსახურის, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები; საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები; მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა_საქართველოსა და სამსახურს შორის არსებულ მრავალწლიან, პარტნიორულ ურთიერთობებს, იმ საქველმოქმედო-სამედიცინო აქციებს, რომელსაც კლინიკა, სამსახურის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთათვის ატარებს. კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ სამსახურის ბენეფიციართა წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პატი ჰილმა განაცხადა, რომ მისთვის პატივია, სტუმრობდეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომელიც იმ ღირსეულ ადამიანებს და მათ ოჯახებს აერთიანებს, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და მისთვის სასიხარულოა, რომ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამსახურის ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
პატი ჰილმა ისაუბრა ”ლაიონს კლუბების” საქმიანობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ საქართველოში ორგანიზაციის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ვრცლად ისაუბრა მისი აქტივობის სფეროს გაფართოების გზებსა და შესაძლებლობებზე.
სტუმარმა, ასევე, ისაუბრა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის ახალ პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა -საქართველოს გენერალური დირექტორი, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო კარანაძე, საერთაშორისო “ლაიონს კლუბების” ფონდის (LCIF) წარმომადგენელი საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია”ლაიონს ქუესტ საქართველო-განათლების ლაბორატორიის” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ბესელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, დავით პავლიაშვილი და სამედიცინო ექსპერტი, ვახტანგ ჩხეიძე.
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო “ლაიონს კლუბი” მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1917 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყანაში, ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. „საერთაშორისო ლაიონს კლუბების” ქსელი ორასზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციის დევიზია -” ჩვენ ვემსახურებით!” „საერთაშორისო ლაიონს კლუბმა”, საქართველოში, 2003 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარსდა თხუთმეტი “ლაიონს კლუბი”. დაარსებიდან დღემდე, საქართველოს “ლაიონს კლუბებმა”, მრავალი სოციალური, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის პროექტი განახორციელეს “ლაიონს კლუბების” საერთაშორისო ფონდისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით,11 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1193 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 1564 სათვალე;
„ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველო”, „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენალ ფაუნდეიშენის” მიერ დაფუძნებული ერთადერთი კლინიკაა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში;