კობა კობალაძე გურჯაანში ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა

12
spot_img

რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, კობა კობალაძემ, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან , სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის ახორციელებს.

სამსახურის დირექტორმა ვეტერანებისგან, დეტალურად მოისმინა ყველა ის საკითხი, რომლებიც რეგიონის ვეტერანების საზრუნავს წარმოადგენს; შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ვეტერანებმა მათთვის ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, კახეთის სამმართველოს უფროსი, თამაზ კალატოზიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი, მერის პირველი მოადგილე, ლერი გელენავა, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ივანე ბერიძიშვილი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი განაგრძობს რეგიონებში გეგმურ შეხვედრებს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.