კობა კობალაძე დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დანიის დაჭრილ მებრძოლთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არასამთავრობო ორგანიზაციის „Veteranskytterne”-ს დამფუძნებელს შეხვდა

9
spot_img

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ,,ვეტერანთა საერთაშორისო კოალიციის” ვიცე- პრეზიდენტსა და დანიის დაჭრილ მებრძოლთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არასამთავრობო ორგანიზაციის ”Veteranskytterne”-ს დამფუძნებელს, იაკობ პანტონს შეხვდა.

კობა კობალაძემ, მასპინძელს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო, ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტები, რომელთაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მისი ბენეფიციარების მხრადასაჭერად ახორციელებს. ამავდროულად, აღნიშნა, რომ მიუხედავად სამსახურის, სახელმწიფო და არასამთავრობო ინსტიტუციების თანადგომისა, საქართველოს ვეტერანთა წინაშე, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელთა გადალახვაშიც, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

აღსანიშნავია რომ, იაკობ პანტონი დანიის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ვეტერანია, რომელმაც 2014 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დანიის დაჭრილი მებრძოლები”. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი, ვეტერანთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესების გაუმჯობესებაა; ამ მიზნით, იგი, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ფსიქო-სოციალურ პროექტებსა და აქტივობებს, როგორც დანიაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ერთ-ერთი მათგანია ,,დანიის მებრძოლ ვეტერანთა კვირეული”, სადაც მომავალ წელს, ვეტერანთა საერთაშორისო კოალიციის წევრი ქვეყნების ვეტერანებთან ერთად, მიწვეული იქნებიან საქართველოს ვეტერანებიც.

იაკობ პანტონმა, ქართველ სტუმრებს, დანიის ვეტერანთა წინაშე ფსიქო-სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა და საკუთარი ხედვები გაუზიარა; საუბარი, ასევე, შეეხო საკანონმდებლო კუთხით არსებულ პრაქტიკასა და განხორციელებულ ინიციატივებს, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დანიის ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

კობა კობალაძემ, შეხვედრაზე, ”დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში, კომპანია სილქნეტმა, 2018 წელს დააფუძნა და სხვადასხვა საომარ მოქმედებებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ომის ვეტერანებს უწევს თანადგომას. დაარსებიდან დღემდე, ფონდმა, ასობით დაჭრილ ვეტერანსა და სამხედრო მოსამსახურეს აღმოუჩინა მხარდაჭერა ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და პროფესიული გადამზადების კუთხით.

მასპინძელმა მხარემ, გამოთქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და განახორციელოს სხვადასხვა ერთობლივი პროექტები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.