კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ

133
spot_img

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქ. ამსტელვენში, ნიდერლანდების სამეფოს ასისტენტი ძაღლების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა; გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპებს, მიმართულებებს და მიზნებს; ცენტრის ხელმძღვანელობამ, დეტალურად ისაუბრა ოთხფეხა დამხმარეების როლსა და მნიშვნელობაზე შშმ პირთათვის; ცენტრში გაწვრთნილი ძაღლები შშმ პირებს, მათ შორის, შშმ ვეტერანებს, განსაკუთრებით უსინათლოებს, დიდ დახმარებას უწევენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქართველი სტუმრებისთვის, ასისტენტი ძაღლების სიმულაციური წვრთნაც ჩაატარა.

მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, ქალაქ უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალსა და იქვე განთავსებულ ნიდერლანდების ეროვნული კატასტროფის ცენტრს ეწვია. ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რიკ ბერგმანმა, სტუმრებს, ჰოსპიტლის შენობა დაათვალიერებინა, ისაუბრა სტაციონარის სტრუქტურულ მოწყობასა და მუშაობის თავისებურებებზე; განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვეტერანებისთვის იმ გამოწვევების დაძლევას, რომელთაც მათ წინაშე პოსტ-ომის სინდრომი აყენებს და ამ გამოწვევათა დასაძლევად შემუშავებულ პროგრამებზე, საზოგადოების მხრიდან გაწეული თანადგომის მნიშვნელობაზე. ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჰოლანდიელ სამხედრო ექიმებს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ნიდერლანდების სამეფოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები_ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

კობა კობალაძისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში გრძელდება.