კობა კობალაძე ბარბარა ვან დელანს და რენდი ფელპსს შეხვდა

117
spot_img

კობა კობალაძე ბარბარა ვან დელანს და რენდი ფელპსს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour” და “Webe life” -ის პრეზიდენტთან, ბარბარა ვან დელანთან და “Webe life”-ის უფროს მრჩეველთან, დოქტორ რენდი ფელპსთან.

შეხვედრის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციამ ბარბარა ვან დელანს და რენდი ფელპსს წარუდგინეს პრეზენტაცია სამსახურის განვითარების დინამიკის, სტრუქტურული მოწყობის, შესრულებული სამუშაოების, განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური პროექტების, საერთაშორისო თანამშრომლობის, საკანონმდებლო ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ვეტერანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხებს. კობა კობალაძემ დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით ქართველი ვეტერანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასევე, საუბარი შეეხო იმ სოციალურ-ფსიქოლოგიურ და სოფლის მეურნეობის პროექტებს, რომლის განხორციელების გეგმაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აქვს. როგორც კობა კობალაძემ აღნიშნა, ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ბარბარა ვან დელანი დახმარებას დაჰპირდა სამსახურის დირექტორს აღნიშნული პროექტების განხორციელებაში.

ბარბარა ვან დელანის განცხადებით, ფსიქო-რეაბილიტაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია ბენეფიციარის ოჯახის ჩართულობა, რადგან ამას აქვს ეფექტური და ხანგრძლივი გავლენა ბენეფიციარის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე. აღსანიშნავია, დოქტორ ბარბარა ვან დელანი და დოქტორ რენდი ფელპსი 2018 წელს საქართველოში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სტუმრობდნენ. მათი განცხადებით ისინი უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას და ზემოაღნიშნულ პროგრამებზე აქტიური მუშაობის დაწყებას.

დოქტორი ბარბარა ვან დელანი არის ექსპერტი ომის ფსიქოლოგიური ზეგავლენისგან რეაბილიტაციის მიმართულებით. იგი დახმარებას უწევს ამერიკელ ვეტერანებს და მათ ოჯახებს. აღსანიშნავია, რომ დოქტორი ბარბარა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მრჩეველთა საბჭოს თანათავმჯდომარეა. რაც შეეხება, რენდი ფლეპსს, ის გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგი და აქვს 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიმართულებით.

შეხვედრას, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს.