კობა კობალაძე აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

3
spot_img

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, 1990-იან წლებში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული 6 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. აქედან 5 მებრძოლია, ხოლო 1 _სამოქალაქო პირი.

ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წწ, აფხაზეთში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მის შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს ICRC-ის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერით და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით. 2 მებრძოლს_ ჯამბულ ბერულავასა და გიორგი გაბროშვილს, 13 მარტს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 3 მეომარი კი, ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე, ასევე, სამხედრო პატივით დაიკრძალება: ნოდარ ბერიასა და გია ძაგნიძეს, თბილისის ზღვის საქალაქო სასაფლაოზე,ამირან მეგრელიშვილს კი_ქუთაისში, ნიკეას სასაფლაოზე დაკრძალავენ.

1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჯერაც ითვლება სულ 1832 ადამიანი,მათ შორის არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. 2013 წლიდან, მოძიებულია 545 პირის ნეშტი, აქედან_ 308 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.

საკოორდინაციო მექანიზმი, ICRC-ის მხარდაჭერით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.