
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჰენრი მ. ჯექსონის ფონდის წარმომადგენელთან, როჯერ იანგთან.
შეხვედრის ძირითადი თემა შეეხებოდა, საქართველოში სამხედრო მედიცინისა და შეიარაღებული ძალების ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. ასევე, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
როჯერ იანგმა დეტალურად ისაუბრა ფონდის საქმიანობაზე, რომელიც ორიენტირებულია სამხედრო მედიცინის კვლევასა და განვითარებაზე — მათ შორის ისეთ კრიტიკულ მიმართულებებზე, როგორიცაა ინფექციური დაავადებები, ბრძოლის ველზე მიღებული ტრამვების მართვა და სისხლდენის კონტროლი. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებთან, უნივერსიტეტებთან და არაკომერციულ ორგანიზაციებთან მთელ მსოფლიოში.
თავის მხრივ, კობა კობალაძემ როჯერ იანგს ის ფსიქო-სარეაბილიტაციაო და ჯანდაცვის პროგრამები გააცნო, რომელიც საქართველოში, ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეებისათვის არის დანერგილი.
შეხვედრის ფარგლებში, როჯერ იანგმა, ასევე, მიმოიხილა ფონდის უახლესი პარტნიორობა საქართველოში – კერძოდ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრთან.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს აქვს ღრმა და სტრატეგიული ხედვა საქართველოში სამხედრო მედიცინის განვითარების საკითხებზე. ინფექციური დაავადებების მონიტორინგისა და პოსტ-ტრამვული რეაბილიტაციის პროექტების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ მომავალში,” — აღნიშნა როჯერ იანგმა.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს ქართველ მკვლევარებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს საქართველოში სამხედრო მედიცინის სისტემის გაძლიერებას, ვეტერანების რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესებას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭანტურიძე და პროტოკოლის განყოფილების უფროსი მარიამ ადამაშვილი, აშშ-ში საქართველოს სამხედრო ატაშის მოადგილეები, გიორგი დუმბაძე და რომან სანიკიძე.
აღსანიშნავია, რომ როჯერ იანგი უახლოეს მომავალში გეგმავს საქმიან ვიზიტს საქართველოში.