
ვხედავთ, რომ ანა დოლიძეს სურს, დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია, მაგრამ ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, პარტნიორებად, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძეს კითხვა დაუსვეს ანა დოლიძის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ დატოვებაზე.
„ანა დოლიძემ თავად ძალიან მკაფიოდ თქვა. ანა არის ჩვენი პარტნიორი, მეგობარი. კოალიციები იქმნება არჩევნების წინ და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. დანარჩენი უკვე პარტიის გადასაწყვეტია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მას სურს, დამოუკიდებლად განავითაროს თავისი პარტია, მაგრამ ჩვენ ვრჩებით მეგობრებად და პარტნიორებად.
ბადრი ჯაფარიძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს: „ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერობის კანდიდატობა სურდა ანა დოლიძეს და ამის გამო დატოვა კოალიცია. თანამდებობებს ვერ იყოფენ თქვენს პარტიაში?“ – რაზეც ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს სულელური შეკითხვაა.
„აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის. ეს არის სულელური შეკითხვა, სრულიად იდიოტური კითხვაა. რა თანამდებობებზეა ლაპარაკი? ეს არის თქვენი შეთხზული კითხვა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლესთან. იმიტომ წავიდა, რომ სურს, თავისი პარტია განავითაროს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობას, საკითხის კომენტირებისას ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აპირებენ, ხალხთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან ერთად განიხილონ შემდეგი ნაბიჯები.
„ჩვენ ახლა მოსული ვართ პოლიტიკური რეპრესიების ჯაჭვის შემადგენელი ერთ-ერთი პროცესის განხილვაზე. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მკაფიოდ მოგახსენეთ, რომ ვაპირებთ, ჩვენს ხალხთან, პოლიტიკურ მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები, რათა „ქართულ ოცნებას“ არ დავუთმოთ არცერთი სფერო წინააღმდეგობის და ბრძოლის გარეშე. ეს არის ჩვენი პოზიცია. შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ გადაწყვეტილებას როდესაც მივიღებთ, პირველებს თქვენ გეტყვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.