ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ერთადერთი, რაც შემიძლია, ამ ფაქტთან დაკავშირებით გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში. თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთი პირის დაკავება მოხდა შედარებით ადრე, ორის კი მოგვიანებით.
„ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები. მათ ჩადენილი ჰქონდათ გარკვეული დანაშაული, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამიტომ ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან შევიკავებ თავს. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად. ეს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, შემდგომში კიდევ დამატებით დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სსკ-ით. მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი. ამის შესახებ იმსჯელებს სასამართლო. ეს აღარ არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ ვმოქმედებთ ჰუმანური მეთოდებით. როდესაც ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს და ის ძებნაშია, რა თქმა უნდა, მას პირველ რიგში მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილოს სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და ჩაბარდეს, რადგან ამით მას შეუძლია შეამციროს საკუთარი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.