რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს.
რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა. მეწყერმა სრულად დაანგრია ოთხი საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. მოხდა დიდი ტრაგედია, მეწყერმა გამოიწვია მსხვერპლი – დაიღუპა ოთხი და ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება ხუთი პირის მიმართ.
6 თებერვალს, დიდთოვლობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესები. ერთი მხრივ, ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ცხადებენ, კლიმატური ცვლილებების ფონზე, გახშირებულია სტიქიური მოვლენები როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში.
„კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.