კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს.
„ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ საქართველოს სახელით. თავდაპირველად, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, ასევე კონფერენციის პრეზიდენტს, ბატონ მუხტარ ბაბაევს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, გულითადი მასპინძლობისა და ბაქოში კონფერენციის გამორჩეულად წარმატებული ორგანიზებისთვის.
ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყანა გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას პირველად მასპინძლობს. მსურს, წარმატებები ვუსურვო აზერბაიჯანს ამ მიმართულებით ნაყოფიერი და ამბიციური შედეგების მიღწევაში, მოლაპარაკებების პროცესში თანამშრომლობის სულისკვეთებისა და კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაში.
ეს კონფერენცია კრიტიკულ დროს ტარდება, რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად. სამწუხაროდ, ამ გზაზე შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისებს იწვევს, არამედ ხელს უშლის და ანელებს მსოფლიო ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვის დონის აწევა, სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნებისა და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. სამწუხაროდ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და დგას კლიმატის ცვლილების მკაცრი შედეგების წინაშე. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერება ადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიას შორის არსებული კავშირების შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.