კიევში დიპლომატიური მისიების ნაწილი დაიკეტა

8
spot_img

განგაშის სიგნალი კიევში დილიდან გაძლიერებულად ისმის. საჰაერო თავდასხმის გაზრდილი რისკის გამო, დედაქალაქში ამერიკის საელჩო დაიკეტა. შტატების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის დიპლომატიური მისიებიც. კიევი ამბობს, რომ რუსეთი, დაბომბვის მცდარი ცნობებით, უკრაინელებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს, რეალურად კი, პანიკის საფუძველი არაა. ოფიციალური კიევი პარტნიორებსაც ახსენებს, რომ ეს დიდი ხანია უკრაინის სამწუხარო რეალობაა და უფრო სწორი იქნებოდა, ომის 1001-ე დღეს, მათი რეაქცია დანარჩენი 1000 დღის მსგავსი ყოფილიყო.

რუსეთმა უკრაინული ქალაქები სამიზნეში გაორმაგებული ძალებით მას შემდეგ ამოიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი კიევს რუსეთის სიღრმეში ბალისტიკური რაკეტების გამოყენების უფლებას აძლევს. დღეს უკრაინელებმა ისიც შეიტყვეს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მათ ქვეითსაწინაღდმეგო ნაღმებს გადასცემს, რათა უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის წინსვლა შეანელონ. ამ ნაღმების ეფექტურად გამოყენებამ კი კიევს შესაძლოა, იმაზე მეტი მისცეს, ვიდრე თავად ატაკამსებმა, რომლითაც ისინი, უკვე მეორე დღეა, რუსეთის სამხედრო ობიექტებს ურტყამენ. Reuters-ი წერს, რომ, ჯერჯერობით, მოსკოვმა მხოლოდ 2-ის მოგერიება თუ შეძლო, თუმცა თავად კრემლი ამბობს, რომ სერიოზული არაფერი დაზიანებულა.

კრემლში ისიც თქვეს, რომ რაიმე ფორმით უკრაინასთან კონფლიქტის გაყინვა მის ინტერესებში არ შედის და მიზანი დასახულის მიღწევაა. იმავეს ამბობს უკრაინა – ის ტერიტორიებით ვაჭრობას არ აპირებს. ერდოღანი კი დაჟინებით ცდილობს, მხარეებს სწორედ ამ შინაარსის შემცველი სამშვიდობო გეგმა შესთავაზოს. თურქეთის პრეზიდენტი ბრაზილიაში, “დიდი ოცეულის” შეკრებაზე, გამოეხმაურა პუტინის ახალ ბირთვულ დოქტრინას და ჩათვალა, რომ NATO-მ ეს საკითხი უნდა განიხილოს. ანკარას პუტინის ნაბიჯების ლოგიკა ესმის, სხვებისთვის კი ეს აგრესიული რიტორიკის ნაწილია.

ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 122 დრონი გაუშვეს, მათგან 56 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, სამიზნე იყო კიევი, ჩერნიჰოვი, ჟიტომირი, სუმის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქები – ამ უკანასკნელში რუსეთმა ჰუმანიტარულ ინფრასტრუქტურას დაარტყა, უკრაინამ კი ბელგოროდში რუსეთის დრონების საწარმოს შეუტია. FOX News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ ამერიკას კიდევ ერთხელ აუხსნა, თუ რატომ არის ვაშინგტონი ამ ომის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.

ცნობილია, რომ აშშ-ის მოქმედი ხელისუფლება კიევისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას უახლოეს დღეებში კიდევ გამოყოფს – ის, როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო კომპონენტსაც გულისხმობს.