
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სტამბოლში დღეს უნდა გაიმართოს. თურქეთში დელეგაციის გაგზავნა გუშინვე დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციის ახალი, 14-კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
უკვე სტამბოლშია რუსეთის დელეგაცია ვლადიმირ მედინსკის ხელმძღვანელობით. შეხვედრაზე ორივე მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობები უნდა წარადგინოს. ცნობილია, რომ კიევი სრულყოფილ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებას, გატაცებული ბავშვების დაბრუნებას და მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უმაღლეს დონეზე შეხვედრას ითხოვს.
რუსეთის მიერ მომზადებული მემორანდუმის შინაარსი ჯერ ისევ უცნობია.