“ხუთი ტურისტული მიმართულება, რომლებიც მოგზაურთა ყურადღებას ითხოვენ: საქართველო”- რას წერს უცხოური პრესა

13
spot_img

გერმანული ჟურნალის „მერკურის“ (Merkur) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ხუთი ტურისტული მიმართულება, რომლებიც მოგზაურთა ყურადღებას ითხოვენ: საქართველო“ (ავტორი – ფრანცისკა ქინდლი).

„იმ დროს, როცა ამ ზაფხულს ევროპის ბევრი კურორტი ჩვეულებრივზე მეტად გადატვირთული იყო და, შეიძლება ითქვას, ზედმეტი ტურისტების გამო პირდაპირ „კვნესოდნენ“, ბევრი თვალწარმტაცი ქვეყანა მოგზაურთა ყურადღებას ითხოვს, რომლებსაც ადამიანისაგან ჯერ კიდევ ხელუხლებელი ტერიტორიები აქვთ და ბუნება პირველსაწყისი სახით არის შემორჩენილი“, – წერს ავტორი პუბლიკაციის დასაწყისში, შემდეგ კი აგრძელებს:
„ვენეციას იმდენი ტურისტი ათვალიერებს, რომ ექსპერიმენტის სახით, მნახველთა რაოდენობის გასაკონტროლებლად, ქალაქში ყოფნის სადღეღამისო ფასი შემოიღეს. მაიორკასა და ტენერიფზე მოსახლეობამ ქუჩაში საპროტესტო აქციები გამართა, რომ ხელისუფლების ყურადღება მიეპყრო ჭარბი ტურიზმის მავნე შედეგებისადმი და კედლებზე გრაფიტები დახატეს მოწოდებებით „ტურისტებო, შინ დაბრუნდით!“. ამსტერდამში კი გრძელდება ორიოდე წლის წინათ დაწყებული კამპანია, რომლის მიზანია ქალაქში ქეიფისა და დროსტარების მოყვარული ტურისტები არ შეუშვან… რა თქმა უნდა, ბევრ ტურისტს ამ ზომებით ვერ შეაშინებ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ ხალხმრავალი, ურიცხვი ადამიანით გადაჭედილი კურორტები. იბადება კითხვა: სად უნდა წავიდნენ ასეთი ტურისტები? საბედნიეროდ, მათთვის კარგი ამბები გვაქვს: ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, რომლებიც დღემდე მთავარი ტურისტული მიმართულებებიდან გვერდზე რჩებოდნენ, მაგრამ ბოლო დროს თანდათან პოპულარობას იხვეჭენ. მიასწარით და მოინახულეთ!“.
ავტორის მიერ ჩამოთვლილია ქვეყნები, რომლებიც ჯერ-ჯერობით საერთაშორისო ტურიზმისათვის ნაკლებად პოპულარულებად ითვლებიან, მაგრამ სწრაფად ვითარდებიან და ბუნებრივ კლიმატურ-საკურორტო პოტენციალით სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავენ. ეს ქვეყნებია გრენლანდია, ნორვეგია, მაროკო, სერბეთი და საქართველო. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩამოთვლილ ქვეყანას თავისი მომხიბვლელობა აქვს (გადმოცემულია მათი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები) და გამონაკლისი არც საქართველოა.

„საქართველომ მიზნად დაისახა ტურიზმის განვითარების დიდი გეგმების პრაქტიკული რეალიზება. ქვეყნის მთავარ სამგზავრო-საზღვაო ჭიშკარს სიდიდით მეორე ქალაქი ბათუმი წარმოადგენს, რომელიც, მთავრობის ჩანაფიქრით, ყველა სახის მოგზაურ-ტურისტისათვის მიმზიდველი უნდა გახდეს – როგორც ინდივიდუალურებისთვის, ასევე კრუიზების მოყვარულებისთვის. სხვათა შორის, დაგეგმილია ქვეყნის „ფირნიშის“ შეცვლაც: ქართულ ენაზე წერისას ძირითადად ეროვნულ მხედრულ დამწერლობას (შრიფტს) იყენებენ, რაც უცხოელებისთვის და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაუგებარია. ამიტომაც მოგზაურებისათვის მნიშვნელოვანი მიმართულებების აღნიშვნა ლათინური შრიფტით იქნება ხელმისაწვდომი.
„საქართველოში ტურიზმი შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს“, – ამბობს ნატალი ფორდჰემი, საქართველოს სპეციალისტი Wild Frontiers-ში – ტურისტულ კომპანიაში, რომელიც არაჩვეულებრივ და სათავგადასავლო ტურიზმით არის დაკავებული, – კავკასიური სახელმწიფო თანდათან იხსნება და თავის ფანტასტიკურ, თვალწარმტაც სილამაზე აჩენს. საქართველოში არიან მაღალ დონეზე მომზადებული გიდები, რომლებიც მშვენივრად საუბრობენ ინგლისურ ენაზე. ბევრი ევროპელი ტურისტი გამოხატავს სურვილს კიდევ რამდენჯერმე იმოგზაურონ საქართველოში“.

კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყნის ყველაზე ლამაზ ღირსშესანიშნაობებს შორისაა დედაქალაქი თბილისი, თავისი მომაჯადოებელი ქვაფენილიანი ძველი ქუჩებით და ეროვნული არქიტექტურით. საქართველოში აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე მე-12 საუკუნის მღვიმე-გამოქვაბულებიანი ქალაქი ვარძია, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი.

ქვეყნის ჩრდილოეთით ცად აზიდული მარადთოვლიანი კავკასიის ქედის მწვერვალებია, დასავლეთით – სუბტროპიკული საზღვაო კურორტები, აღმოსავლეთით – მეღვინეობით განთქმული მხარე. საქართველო მდიდარია თვალწარმტაცი პეიზაჟებით, რომლებითაც თავგადასავლების მაძიებლები ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებიან“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: