ხურჩის რაიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები დროებით დააკავეს – ევროკავშირის წარმომადგენლობა

10
spot_img

ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები „ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა“ დროებით დააკავეს. ამის შესახებ ინფომაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში.

„დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.