” ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება”- პატრიარქი

116
spot_img

ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება. მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

პატრიარქი მრევლს შეახსენებს, რომ გარდაცვლილთათვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება.

„როგორც აღვნიშნეთ, მაცხოვრის აღდგომის შემდეგ ძველი და ახალი აღთქმის მართალთა სულნი ღვთის საუფლოს მკვიდრნი გახდნენ და ხდებიან, მაგრამ მხოლოდ სულით მყოფობა ცათა შინა ჩვენთვის არ არის სრულყოფილი მდგომარეობა. მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით სული თავის უხრწნელ სხეულს აუცილებლად შეიმოსავს და როგორც ჯვარცმით მართალთა სულნი ერთიანად დახსნილ იყვნენ ჯოჯოხეთის ტყვეობისაგან და ზეციურ დიდებაში გადაინაცვლეს, ასევე ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა. ,,მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ სიკეთის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურებათა მოქმედნი სასჯელის აღდგომაში“ (ინ.5:28-29). გარდაცვლილ მართალთა ხვედრზე კი ასე წერს წმინდა წერილი: ,,ითესება ხრწნილებაში და აღდგება უხრწნელებაში, ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში, ითესება უპატიობაში, აღდგება დიდებაში, ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1კორ. 15:42-44) და მაინც, რა არის ამის საფუძველი? იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია და ,,თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, ასევე ღმერთი მათაც (მართლებს), რომელნიც დაძინებულნი (გარდაცვლილნი) არიან, თავისთან მიიყვანს იესოს მიერ“ (1თეს. 4:14), ე.ი სასუფევლისათვის აღადგენს სხეულებრივად. როგორც აღვნიშნეთ, ეს დღე ყველა მიცვალებულისათვის მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება, მაცხოვარმა კი აღდგომისთანავე უხრწნელი სულიერი სხეული შეიმოსა და გახდა პირმშო შესვენებულთა (გამოცხ. 1,5). წმინდა სახარება ბრძანებს რომ, იესო ქრისტე ასეთი სახით ორმოცი დღის მანძილზე ეცხადებოდა მენელსაცხებლე დედებს, თავის მოწაფეებს, გამოეცხადა ხუთასზე მეტ ადამიანსაც… თავდაპირველად ვერც დედები და ვერც მოწაფენი ვერ იჯერებდნენ, რომ იგი აღდგა და ცოცხალია, რადგან აწ უკვე უხრწნელი, უკვდავი და უვნებო მისი სხეული სახეცვლილი იყო. მაგრამ ამ დღეების მანძილზე მათ მიეცათ მტკიცე რწმენა და ცოდნა ცათა სასუფევლში სულიერი სხეულით შემოსილ რჩეულთა მომავალი მყოფობის შესახებ, რომელთაც მაცხოვრის მსგავსი უხრწნელი სხეული ექნებოდათ და გააცნობიერეს საბოლოო და უმთავრესი მიზანი ღვთის განკაცებისა, – სრულყოფილი სახით, სულისა და უხრწნელი სხეულის ერთობით, – მარადიული სიცოცხლისა და სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, ანუ აღდგენა მისთვის იმ მდგომარეობისა, რისთვისაც და როგორადაც იგი შეიქმნა. ამიტომაც, როდესაც მოწაფეებმა ცად ამაღლებული იესო ქრისტე იხილეს, სიხარულით აღვსილნი დაბრუნდნენ იერუსალიმში. თუ მათ ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, ახლა განძლიერდნენ; სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ ყველგან და ყველას წინაშე დაუბრკოლებლად დაემოწმებინათ უფლის სწავლება და თავი დაედოთ მისთვის. ეს რწმენა მოციქულებმა მთელ მსოფლიოს მოჰფინეს. ყოველივე ეს საფუძველია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. იგი განაპირობებს ჩვენს მრწამსსაც და, მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველას სხეულებრივი აღდგომის გარდაუვალობასაც; ამიტომაც ბრძანებს მოციქული: თუ მიგაჩნიათ, „რომ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. მაშ ფუჭი ყოფილა ჩვენი რწმენა“ (1კორ. 15:16-17), ხოლო ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ.14.23). ზემოაღნიშნულზე კიდევ ერთხელ იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ხშირად ჩვენთან გადამეტებულად და უნუგეშოდ იციან გლოვა და მწუხარება. მართალია, ახლობელთან განშორება ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ თუ მორწმუნენი ვართ, უნდა გვჯეროდეს, რომ სიკვდილი იძლია მაცხოვრის მიერ, რომ გარდაცვლილ ახლობელთა სულები ცოცხლები არიან, უფრო მეტად ცოცხლები, ვიდრე ჩვენ ვართ. ჩვენ კი მათთვის, პირველ რიგში, სულიერი ზრუნვა გვმართებს, რაც ლოცვაში და მათ სახელზე სიკეთეთა ქმნაში გამოიხატება, რათა საყოველთაო განკითხვის ჟამს, ჩვენი ეს ქველმოქმედება მათ მიეთვალოთ. ამასთან, ამგვარი ღვაწლი ამქვეყნად სიკეთედ შეგვერაცხება და ჩვენს მომავალ ცხოვრებასაც შეეწევა”, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.

 პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად