ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების შედეგები შეგვიძლია აღვწეროთ როგორც სრული პოლიტიკური კრახი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საჭიროა სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა და 12 პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმოდგენილი ხედვების გაზიარება.
„საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გუშინ დაადასტურა, რომ რუსეთის და მათი მოკავშირე „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა პროპაგანდამ არ იმუშავა და ქართველმა ხალხმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მისი ქვეყნის მომავალი არის დაკავშირებული ევროკავშირთან. ამ ფონზე მინდა განსაკუთრებული განგაშით აღვნიშნო ის ვიზიტები, რომელიც მიმდინარე კვირას განხორციელდა ევროპულ დედაქალაქებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ამ ვიზიტების შედეგები შეგვიძლია აღვწეროთ მხოლოდ ერთი სიტყვით – სრული პოლიტიკური კრახი. ვერცერთი შეხვედრის შემდეგ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება, ასეთი განცხადება უნდა ყოფილიყო, რომ დიდწილად ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ამიტომ მოლოდინი აქვთ პოზიტიური, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა პასუხს, ამის ნაცვლად მოვისმინეთ შეფასებები, რომ ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა, რომ დღემდე შეუსრულებელი რჩება მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რაც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. მეტიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერ-მინისტრთან, რადგან როგორც ჩანს პოზიტიური სათქმელი არაფერი ჰქონდა. ერთადერთი შეფასება რაც კეთდება, არის მოწოდება, რომ საქართველომ გაატაროს რეფორმები. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი“, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.