ხელისუფლების ინტერესშია, ქვეყანაში არჩევნები წესების დაცვით ჩატარდეს – მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

3
spot_img

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 22-ე საშემოდგომო შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. მაკა ბოჭორიშვილმა დუბლინში, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციაზე ისაუბრა და საქართველოს მთავრობის მიერ, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. 

“კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეს არის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა უკვე 3 ათწლეულია დგას. საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა არის კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების ძიება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ პროცესში ყველა საერთაშორისო აქტორი ჩართულია, თუმცა ამ დრომდე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმატებაზე საუბარი ძალიან რთულია.

საქართველოს ხელისუფლების 10 წლიანი ძალისხმევის შედეგად დღეს ჩვენ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც გვიმაგრებს ზურგს და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით შეგვიძლია ვიბრძოლოთ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებისთვის.

რუკაზე ერთი დახედვაც კი საკმარისია, რომ მიხვდე, რამდენად კომპლექსურ გარემოში გვიწევს დღეს მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სტაბილური გზით უზრუნველყოფაზე ზრუნვა.

უკანასკნელ წლებში საქართველო სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ დადგა დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ქვეყანის უსაფრთხოებას. ვიხილეთ არა ერთი საერთაშორისო მასშტაბის კამპანია, რომელიც უმეტესწილად მოკლებულია რეალურ ობიექტურ საფუძვლებს, თუმცა ქვეყნის რეპუტაციას ლახავს. წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. ხელისუფლების ინტერესშია, ქვეყანაში არჩევნები წესების დაცვით ჩატარდეს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენოს, როგორც ეს წარსულში მომხდარა. საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააკვირდეთ არჩევნებს და გააკეთოთ ობიექტური დასკვნები. თქვენი მისია იმაზე მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნებზე დაკვირვებაა. დღეს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენთვის არის მნიშნველოვანი, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის.” – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.