ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას – ზაზა შათირიშვილი

6
spot_img

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოში აკრედიტირებული „დიპლომატიური კორპუსის“ რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად, რადგან წარმოუდგენელია, ამ ქვეყანამ მუდმივ რყევებსა და ჯანჯღარში იცხოვროს ,- აღნიშნულია ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით და ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში.

ზაზა შათირიშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა.

„გასაგებია, რომ დღეს მთავრობა წარმატებით ართმევს თავს ყველანაირ უცხოურ ზეწოლას, თუმცა ქვეყნის საბოლოოდ დამშვიდებისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაუბრუნდეს საკუთარ საქმიანობას და განიარაღდეს იმ მანკიერი ბერკეტებისგან, რაც საქართველოს მუდმივ ტურბულენციაში ამყოფებს. ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით. ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში, რამეთუ ყველა კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას 350 ადამიანი არ სჭირდება.

საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს, დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან. ასევე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და NGO – ების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნებს ელჩებს და საელჩოებს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში“, – წერს ზაზა შათირიშვილი.