ხელები სულ გაყინული მქონდა, ცხელი წყლით ვითბობდი და მერე ისევ ვარჯიშზე მივდიოდი” – როგორი იყო მშენებელი ემიგრანტის გზა UFC-ის ჩემპიონობამდე

14
spot_img

ვანის რაიონის სოფელ სულორი ის ადგილია, სადაც მერაბ დვალიშვილმა ბავშვობა გაატარა. ძველი, ორსართულიანი სახლი, ეზო, სტადიონი – პატარა სოფლის ყველა კუნჭულში მისი ბავშვობის მოგონებები ცხოვრობენ. სპორტსმენის მშობლები – ამირან და დარეჯან დვალიშვილები მერაბისთვის ყოველთვის მთავარი საყრდენები იყვნენ.

სწავლა სულორის საშუალო სკოლაში დაიწყო, მოგვიანებით კი თბილისში გადმოვიდა. 36-ე სკოლაში სწავლობდა. მისი სპორტული მონაცემები, თავდაპირველად, ფიზკულტურის მასწავლებელმა შეამჩნია. სოფლიდან გადმოსულ ბავშვს სპორტი მართლაც აინტერესებდა, თუმცა ოჯახს უჭირდა და მაშინ სურვილის ასრულება ვერ შეძლო.

“მეც ყოველთვის მინდოდა სპორტზე სიარული და ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ახალი გადმოსულები ვიყავით სოფლიდან, ჩემი 2 ძმა სტუდენტი იყო, მშობლები უფრო გადართული იყვნენ იმაზე, რომ ბინის ქირა და სწავლის ფული გადაეხადათ. 15 ლარი იყო გადასახდელი, რომ ფეხბურთზე მევლო და რომ ვხედავდი, რამდენი შრომა უწევდათ ჩემს მშობლებს, ვერ ვთხოვდი ამ 15 ლარს,” – იხსენებს მერაბ დვალიშვილი.

სკოლის ასაკში ვერ შეძლო, მაგრამ, მოგვიანებით, სამბოსა და ძიუდოში ვარჯიში მაინც დაიწყო.

ახლა ვანის რაიონის პატარა სოფელში კი არა, უკვე ოკეანის მიღმა, დიდმაც და პატარამაც კარგად იცის, ვინ არის მერაბ დვალიშვილი. დიდი გაჭირვება გამოიარა იმისთვის, რომ აქამდე მისულიყო. დაუღალავმა შრომამ, ბრძოლამ, მისმა ძლიერმა ხასიათმა ოცნებების ახდენის ქვეყანაში წაიყვანა და არნახულ წარმატებამდე მიიყვანა, მაგრამ იქამდე იყო ბევრი იმედგაცრუება და უიმედო დღეებიც.

ამერიკაში წასული 21 წლის მერაბ დვალიშვილი სანამ ვარჯიშს დაიწყებდა, მშენებლობაზე დასაქმდა და ფიზიკურად შრომობდა, თავდაპირველად – სამშენებლო ნარჩენების მზიდავად.

“მუშაობა მშენებლობაზე, რა თქმა უნდა, რთული იყო. სწრაფად უნდა მემუშავა, ღია ცის ქვეშ, ძალიან ციოდა. ხელები სულ გაყინული მქონდა, ცხელი წყლით ვითბობდი და მერე ისევ ვარჯიშზე მივდიოდი. სხვათა შორის, მარტო მე არ ვიყავი, ბევრი სპორტსმენი იყო, რომლებიც ჩემსავით ვარჯიშობდნენ და, პარალელურად, ასე მუშაობდნენ. მშენებლობაზე ამ ფიზიკური დატვირთვის დროს, სულ ვფიქრობდი, გამომივიდოდა თუ არა. სამსახურიდან რომ მივდიოდი, ისეთი დაღლილი ვიყავი, მეგონა, არ ვივარჯიშებდი ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე კარგად ვიყავი. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად გამაძლიერა ამ ყველაფერმა,” – ამბობს დვალიშვილი.

ნიუ-იორკში ჩასულმა ქართველმა ემიგრანტმა ენაც არ იცოდა და სწავლაც გაუჭირდა. სამუშაო დღის ბოლოს დარბაზში მიდიოდა და ვარჯიშობდა, თუმცა წინააღმდეგობებმა ის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო გააძლიერა.

“ამერიკაში რომ წავედი ჩემი მთავარი მიზანი იყო UFC. მაშინ 2012 წელი იყო, მეგობართან ჩავედი და მასთან ვცხოვრობდი. გამოვდიოდი ბოქსში თავიდან. თავიდან არაფერი გამოდიოდა სპორტში და მიხვდი, რომ სამსახური მჭირდებოდა. ვფიქრობდი სპორტისთვის თავიც დამენებებინა. ენა არ ვიცოდი, ხელობაც არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. სამშენებლო ნაგვის მზიდავად დავიწყე მუშაობა. კვირაში ორი დღე ვმუშაობდი. დავსაქმდი ნელ-ნელა. ვფიქრობდი სამშენებლო კომპანია ხომ არ გამხსნა და იქ ხალხი დამესაქმებინა,” – აღნიშნავს დვალიშვილი.

სამშენებლო კომპანიის გახსნა აღარ მოუწია, რადგან, მოგვიანებით, MMA დარბაზი აღმოაჩინა და თანდათან შეჯიბრებებიც დაიწყო. მერე იყო პირველი კონტრაქტი UFC-თან, რომელიც ემოციურად, ქართული ცეკვით აღნიშნა.

მერე მანქანასავით ამუშავდა და აღარც გაჩერებულა. ტრადიციას არ არღვევს და, ოქტაგონზე გასვლამდე, ეროვნული სამოსით გამოდის და ცეკვავს. საქართველო მის გულზე და გულშია.

გადამწყვეტ ბრძოლამდეც მხოლოდ თავის ქვეყანაზე ფიქრობდა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ცხოვრებისეულ სირთულეები კედელივით დაამსხვრია და ყველასთვის ბრძოლისუნარიანობის მაგალითი გახდა.

მერაბ დვალიშვილის ცხოვრების ისტორია ფილმის სცენარს ჰგავს – კაცის, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით და საბრძოლო სულისკვეთებით პატარა ქვეყნიდან დიდ წარმატებას მიაღწია – მიზნისთვის თავგანწირული ქართველი მებრძოლის, რომელმაც საქართველო ოკეანის მიღმა ჩაიტანა და ოცნებებიც აიხდინა.