ხაზარაძემ განაცხადა, რომ „სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება“, ვეთანხმები, რა თქმა უნდა, სამართალი მათთვის არის სამწუხარო მოვლენა – რატი ბრეგაძე არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე

26
spot_img

არბიტრაჟმა მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ საქართველოს მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად, მათთვის პროექტის განხორციელებაში ხელი არ შეუშლია,- ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ მშენებლობაში ხელი საქართველოს მთავრობამ შეუშალა.

რატი ბრეგაძის თქმით მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ არაერთხელ გადაუვადა მამუკა ხაზარაძეს და მის პარტნიორებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების თარიღი, მათ ვერ შეძლეს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება.

„რაც შეეხება სახელმწიფოს როლს იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ხაზარაძემ და მისმა პარტნიორებმა ვერ შეძლეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, აქ სახელმწიფოს როლი საერთოდ არ არის. ამის შესახებ ისაუბრა არბიტრაჟმა და მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ საქართველოს მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად მათთვის პროექტის განხორციელებაში ხელი არ შეუშლია. პირიქით, მრავალჯერ იქნა გადავადებული მათთვის ვალდებულების შესრულება და ამის მიუხედავად მათ ვერ შეძლეს ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება“, ვეთანხმები, რა თქმა უნდა, სამართალი მათთვის არის სამწუხარო მოვლენა“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ თავად შეუშალა ხელი, ანაკლიის პორტის მშენებლობას და სახელმწიფოს დააკარგვინა 4 წელი.

„თუ კი მას პრეტენზია აქვს პორტის ვერ აშენებასთან დაკავშირებით, ეს პირველ რიგში საკუთარ თავს და პარტნიორებს უნდა მოჰკითხოს“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.