უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული მხარის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება, რა დროსაც 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტი დაჭრილია. სამაშველო ოპერაციისთვის ყველა საჭირო ძალაა მობილიზებული და ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული. ამისთვის საჭირო არ არის განსაკუთრებული ძალები, არამედ საკმარისია ლიდერების სიმამაცე – სიმამაცე, მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია თავის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვი ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიიდან დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. სავარაუდოა, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.