ხალხის ნება უნდა აღსრულდეს, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს, ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობა, კოალიციური ცხოვრება გარდაუვალია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„ვულოცავ ქართულ საზოგადოებას, ყველამ ერთად ბევრი ვიბრძოლეთ, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა. ძალიან ბევრი ათასი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ურნებთან და ხმა მისცა არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ ცვლილებას. დღევანდელმა დღემ დაადასტურა, დაარწმუნა ყველა, რომ ქართველ ხალხს და ჩვენ გვაქვს ის, რაც ვერასდროს ექნება ოლიგარქს – ეს არის სიმართლე, რწმენა, ღირსება, ეს არის სიმრავლე. გვიხარია, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, ესეიგი რაღაც სწორად გაგვიკეთებია და მადლობა ამომრჩეველს ამისთვის, მაგრამ, არანაკლებ მიხარია, ოთხივე პოლიტიკურმა ჯგუფმა რომ გადალახა ბარიერი.“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ხალხის ნება უნდა აღსრულდეს.
„ივანიშვილმა ხელისუფლება ხალხს უნდა გადააბაროს, ქვეყანამ უნდა დაიწყოს კოალიციური მმართველობა, კოალიციური ცხოვრება გარდაუვალია“,- განაცხადა ნიკა მელიამა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს; კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“ 8%.